საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერს და სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას აფასებს:
„სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დაძაბვის შესახებ, ჩემი პოზიცია ასეთია - კონფლიქტი ახლა არ არის არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის. ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა ძალიან ჰგავს პუტინის პროვოკაციას აზერბაიჯანისა და თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც ასევე აზიანებს სომხეთს.
რუსეთი მოვლენების მსგავსი განვითარებისათვის დიდიხანია ემზადება. რუსეთი დიდიხანია და ინტესნიურად ამარაგებს იარაღით ორივე მხარეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი სასწრაფოდ ააგო სამხედრო გზა დაღესტანიდან საქართველოში, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანში ყველაზე სწრაფად შეჭრის საშუალებას“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, კონფლიქტის პროვოცირებით, რუსეთი ერთობლივად რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს სრულყოფს: იღებს მიზეზს შეჭრისა და ოკუპაციისთვის იმ ტერიტორიაზე, სადაც გადის აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის მილები, ამ მეთოდით კი:
„ევროპამ შესაძლოა დაკარგოს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ალტერნატიული ენერგომიმწოდებელი. ილჰალმ ალიევის მმართველობა, რომელიც ყოველთვის დამოუკიდებელი კურსით მოძრაობდა, შესაძლოა მეტად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს.
საქართველოში კარსმომდგარი საპარლამენტო არჩევნების ფონზე, სადაც პრორუსული ივანიშვილი აუცილებლად წააგებს, საქართველო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, იმ დარტყმის ქვეშ, რომლითაც პუტინი ივანიშვილს დასჯით დაემუქრა, საქართველო იძულებით იქნება ჩათრეული ორ ფრონტზე.
ამ სიტუაციაში, ყველა ლიდერმა დიდი სიფრთხილე და რამდენადაც შესაძლებელია, თავშეკავება უნდა გამოიჩინოს, რაც, როგორც მე ვიცი, საკმაოდ რთულია მსგავს სიტუაციაში.
როგორც ყოველთვის, ჩვენ გვაქვს ისეთ სცენართან საქმე, როცა პუტინი დიდხანს ემზადება, ევროპა კი არ ელის მსგავს სიტუაციებს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა დაველოდოთ მომენტს, რაც არც თუ ისე შორეულ მომავალში იქნება, როცა პუტინი დასუსტდება და გამოვიყენოთ შესაძლებლობა არსებული რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად, რომელიც შედის როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთისა და საქართველოს ინტერესებში“, - წერს სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






