საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ შესაძლო დაშლაზე კომენტარს აკეთებეს. კალაძის განცხადებით ქვეყანაში ნორმალური პროცესი მიმდინარეობს და არსებული მოვლენებით ამომრჩეველი არ ზარალდება:
„სამწუხაროდ, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყოველთვის არასწორი თვალით უყურებენ. ყოველთვის საუბრობენ იმაზე, რომ ხდება რაღაც ცუდი, მე ვიტყოდი, რომ ამ ყველაფერს ასე ნამდვილად არ უნდა შევხედოთ, ეს არის ნორმალური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, რაც მთავარია, ამ ყველაფრით არ ზარალდება ამომრჩეველი. კოალიციაში არის გაწევრიანებული სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები, ეს მოხდა 2011 წელს, თუმცა, მანამდეც იყო მცდელობა იმისა, რომ მომხდარიყო სხვადასხვა პარტიების გაერთიანება, თუმცა, უშედეგოდ სრულდებოდა მათი მოღვაწეობა.
2011 წელს, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლისა, ამ ადამიანის ირგვლივ გაერთიანდა ყველა ის პარტია, ვინც დღეს არის კოალიციის შემადგენელი ნაწილი და ის პარტიები, რომლებმაც კოალიცია დატოვეს. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი წარმოადგენდა. ჩვენ ეს ყველაფერი მოვახერხეთ“, - განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






