ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და აშშ-ს ბირთვულ მარეგულირებელ კომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ და აშშ-ის ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ სტეფან ბარნსმა მოაწერეს.
მემორანდუმი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლბას ითვალისწინებს, რომლის მიზანიცაა მაიონებელი გამოსხივების წყაროების უსაფრთხო მართვის უზრუნველყოფა. აშშ-ის ბირთვული მარეგულირებელი კომისია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დაეხმარება, რათა განახორციელოს ეფექტიანი მარეგულირებელი კონტროლი რადიოაქტიური წყაროების მიმართ.
თანამშრომლობა ითვალისწინებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საქმიანობის მხარდაჭერას როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურითა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით, ისე ექსპერტული ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით. ექსპერტული გამოცდილების გამოყენება მოხდება ბირთვული და რადიაციული ობიექტების ინსპექტირებისა და ამგვარ ობიექტებთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს განსავითარებლად.
გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდება აშშ-ს ბირთვული მარეგულირებელი კომისიის მიერ სააგენტოს რადიოაქტიური წყაროების ინვენტარიზაციის კონტროლის პროგრამისათვის. მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოს მიერ ბირთვული უსაფრთხოების სფეროში, უკანასკნელ პერიოდში, განხორციელებული რეფორმებისა და საერთაშორისო დონეზე შეტანილი წვლილის აღიარება.
მასალის გამოყენების პირობები






