31 მარტს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო ბირთვული ინდუსტრიის სამიტში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა ჯილდო - „ატომები მშვიდობისათვის“.
ხსენებული ჯილდო ბირთვული ინდუსტრიის 2016 წლის სამიტის ფარგლებში გადაეცემა მსოფლიოს 17 სახელმწიფოს. საქართველოს დაჯილდოვების შესახებ გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა საქართველოს ინიციატივით მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ფაქტმა. მაია ბითაძემ საქართველოს მიერ მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციისა და ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარადგინა ბირთვული უსაფრთხოების 2016 წლის სამიტის მოსამზადებელ ბირთვული უსაფრთხოების შერპების სტოკჰოლმის შეხვედრაზე.
მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციით ქვეყანამ აღასრულა ბირთვული უსაფრთხოების 2014 წლის სამიტის კომუნიკეში გამოხატული ნება, შეამციროს საკუთარ ტერიტორიაზე მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი. შედეგად, საქართველომ შეიძინა ბირთვული თვალსაზრისით თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი.
ბირთვული ინდუსტრიის სამიტის ფარგლებში საქართველოს დაჯილდოვების ცერემონიალზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი.
ბირთვული ინდუსტრიის სამიტი წარმოადგენს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად მიმდინარე ოფიციალურ ღონისძიებას, სადაც არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობით განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სტრატეგიული ბირთვული და რადიოლოგიური მასალების გამოყენება, შენახვა და ტარნსპორტირება, ასევე, კიბერ საფრთხესტან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელმა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






