საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიმიტრი ავრამოპულოსს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის. პრემიერის თმით, საქართველო განსაკუთრებით მადლიერია იმისთვის, რომ ევროკომისიამ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უაღრესად პოზიტიურად შეაფასა და, საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო მგზავრობის შემოღების მიზნით, ცალკე საკანონმდებლო პროცესის ინიცირება მოახდინა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით გამგზავრებას ვიზის გარეშე შეძლებენ.
„საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული ეს პროგრესი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას და გატარებულ რეფორმებს კონკრეტული შედეგი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს განიხილავს ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო, რომლებიც, იმედი გვაქვს, იხელმძღვანელებენ ევროკომისიის შეფასებით და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნება საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






