„ველი იმ მომენტს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას დაიწყებენ და ეს იქნება საქართველოს დამსახურებული მიღწევა,“ – ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ევროკომისიის წინადადებას და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიეცემათ.
„რეფორმები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის იმპლემენტაციის ჩარჩოებში გატარდა, სასიკეთოა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ძალზე ეფექტურია საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის. ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს წინადადებას და ეს მოხდება ძალზე მოკლე ვადებში. როგორც კი გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული, საქართველოს მოქალაქეებს, ბიომეტრიული პასპორტებით, აღარ ექნებათ საჭიროება წარმოადგინონ ვიზა 90 დღის ვადით, ტურისტული, ბიზნეს ან საოჯახო საქმეებზე მოგზაურების დროს. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ იძლევა ევროკავშირში დასაქმების უფლებას,“ – განაცხადა ევროკომისარმა.
მასალის გამოყენების პირობები






