თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს. საცხენოსნო კლუბში პატარა ცხენი დაიბადა, რომელიც თეთრი და ცისფერთვალაა, შუბლს კი სხვა ცხენებისგან განსხვავებით პატარა რქა უმშვენებს. ინფორმაციას ახალი ბინადარის შესახებ თბილისის ზოოპარკი ფეისბუკზე ავრცელებს:
"ზოოპარკში არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს: ჩვენს საცხენოსნო კლუბში თეთრი, ცისფერთვალა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ სინამდვილეში სხვებისგან განსხვავებული ცხენი დაიბადა. თუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, განსხვავებას უმალ შენიშნავთ. ჩვენს კვიცს შუბლს პატარა რქისებრი წარმონაქმნი, ფაქტიურად, რქა უმშვენებს.
ისტორიასაც გადავხედოთ: ამგვარი ცხენის დაბადება ჯერ კიდევ პტოლემეუსს ჰქონდა აღწერილი, თუმცა ეს მოვლენა დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ე.წ. „უნიკორნის“ რქა გამოიყენებოდა, როგორც შხამისა და მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალება. მარტორქის რქის მსგავსად, ისიც ძალიან ძვირად ფასობდა შავ ბაზარზე. ამ მიზეზით, ასეთ ცხენებს დაუნდობლად ანადგურებდნენ.
ამ უცნაური ცხოველის დაბადების მიზეზი გენეტიკაში უნდა ვეძებოთ. მეიოზის (სასქესო უჯრედების გაყოფის ტიპი, რა დროსაც ნახევრდება ქრომოსომების რაოდენობა) მიმდინარეობისას, იბადებიან ჩვეულებრივი კვიცები; მაგრამ პართენოგენური (მდედრის გაუნაყოფიერებელი გამრავლება), ან ანდროგენული (მამრის გაუნაყოფიერებელი გამრავლება) გამრავლებისას, ე.წ. „ქროსინგოვერის“ (ქრომოსომების გადაჯვარედინება) შედეგად, ხდება ქრომოსომებიდან ცალკეული უბნების თავისუფალი შეტივნარება ჩანასახოვან პლაზმაში. გარკვეული თაობების შემდეგ ეს უბნები გროვდება ჩანასახოვან პლაზმაში და როდესაც პართენოგენური ფაშატი და ანდროგენური ულაყი ჯვარდებიან, რომელიმე თაობაში სატრანსპორტო რნმ-ის მეშვეობით ახალი ქრომოსომის აწყობა ხდება. ეს გახლავთ 65-ე წყვილი ქრომოსომა (სულ ცხენს 64 დიპლოიდური კომპლექტი აქვს). სწორედ ეს, 65-ე წყვილი ქრომოსომა განსაზღვრავს რქის წარმოქმნას და ამიტომაცაა ამგვარი იშვიათობა. რქისებრი წანაზარდი ხშირ შემთხვევაში შეჭიდულია ღია ფერის თვალებთან და თეთრ ფერთან. ეს სამივე ფენომენი - თეთრი ფერი, ცისფერი თვალები და რქა რეცესიულ გენს წარმოადგენს.
ცოტა რთულად კი ავხსენით, მაგრამ რა ვქნათ... მეტად რთული ბიოლოგიური პროცესია.
დღესდღეობით რქიანი ცხენის თავის ქალა შემორჩენილია ტიბეტში, ლჰასას მონასტერში, „სმიტსონიანის“ მუზემსა და ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში. ამგვარი უნიკალური ცხენის დაბადება ბოლოს მონღოლეთში, გობის უდაბნოში, 1927 წელს დაფიქსირდა. ერთგვარად სიმბოლურიცაა, რომ თბილისის ზოოპარკი სწორედ 1927 წელს დაარსდა...
ახალშობილის ნახვა დამთვალიერებლებისთვის დაახლოებით 10 დღეში იქნება შესაძლებელი.
პატარას სახელი უკვე აქვს. რქის გამო, კვიცს მეფე არტურის ხმლის სახელი, ექსკალიბური დავარქვით."
თუ სტატიის გამოქვეყნების თარიღს დააკვირდებით მიხვდებით, რომ ეს ნიუსი სპეციალურად 1 აპრილისთვის მომზადდა. 1 აპრილის შესახებ დამატებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
მასალის გამოყენების პირობები






