აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების დროს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს იწყებოდა, თუმცა 2013 წელს ეს ნორმა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გააუქმა.
საჯარო სკოლებში სწავლის კვლავ 15 სექტემბერს დაწყებას განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს.
როგორც წინა ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "ნიუპოსტს" განუცხადა, "დღეს გაჟღერებული განცხადებით დადასტურდა, რომ მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიღწევებს და გადაწყვეტილებებს ყოველგვარი ანალიზის გარეშე ებრძვის".
"ძალიან სასაცილო იქნებოდა ეს ინფორმაცია, რომ ის ჩვენი შვილების მომავალს არ ეხებოდეს. მოგეხსენებათ, რომ ყველა საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს იწყებოდა სასწავლო პროცესი. მოსახლეობას ისიც ძალიან კარგად ახსოვს, რომ 2013 წელს სანიკიძემ გააუქმა ეს ნორმა. შეიქმნა სპეციალური კომისიები, როგორც ამ მთავრობას ახასიათებს, ბევრი იმსჯელეს და სწავლის დაწყების თარიღი ბევრჯერ შეცვალეს. ჯერ 10-ში გადაიტანეს, შემდეგ 20-ში. ითამაშეს მშობლების ნერვებზე, დღეს კი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სწავლა ისევ 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს. ეს არის ერთ-ერთი პატარა მაგალითი იმისა, როგორ ანგრევს ეს ხელისუფლება იმას რასაც ჩვენ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ვაკეთებდით და რაც იყო კარგი. ამაში ის ხარჯავს ფულს, ენერგიას დროს და ისევ უბრუნდება იმ მექანიზმებს, გეგმებს რაც ჩვენ დავნერგეთ. ეს ხალხი ფულს იღებს იმაში, რომ დაანგრიოს ის რაც იყო კარგი. ეს ძალიან სამწუხაროა"- განუცხადა "ნიუპოსტს" შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






