ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ჟოზეფ დოლი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდა. მას აეროპორტში აქციით დახვდნენ, რომლის ლოზუნგიც გახლდათ „კრიმინალი ციხეში“. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დატოვების შემდეგ, დოლიმ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები, პირადად მე ყოველთვის მივიჩნევდი საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს უფლება და ვალდებულება, შეუერთდეს ევროკავშირს, აქ ასევე ვიმყოფები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, ვხედავ, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს განცხადებას, ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. სწორედ ჩვენი პარტია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იმუშავა და მუშაობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და გაწევრიანებისათვის“, - განაცხადა დოლიმ.
EPP-ს პრეზიდენტის თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი ჯერ დასრულებული არ არის და მოქალაქეები სხვადასხვა შედეგისთვის მზად უნდა იყვნენ:
„რაც შეეხება ვიზებს და იმას, რაც ვთქვი, მე გულწრფელი ადამიანი ვარ, მართალია, ევროკომისიამ ვიზების საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ წინაა საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე ევროპარლამენტის კენჭისყრა. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, ივნისის თვე, ძალიან მაღალია, მე პირველი ვიქნები, ვინც ვიზალიბერალიზაციის მომხრეა, მაგრამ არ მინდა იმედების გაცრუება, შეგახსენებთ, რომ ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს პროცედურა გრძელდება“, - აღნიშნა დოლიმ.
მისივე თქმით, იგი თბილისში ქვეყანაში არსებულ ვითარებებზე მის პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან და ხელისუფლებასთან კონსულტაციისთვის ჩამოვიდა:
„ეს წესი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც, მანამდე კი რასაც ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, ეს არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა, ამიტომაც ვარ აქ, რომ ადგილზე შევისწავლო ეს სიტუაცია, განვიხილო ეს თემები ხელისუფლებასთან, ჩვენს პარტნიორ პარტიასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან. ვიმსჯელოთ როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ დავაჩქაროთ პროცესი, რომ საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ მეტი სარგებელი მიიღოს“, - განაცხადა ჟოზეფ დოლიმ.
მასალის გამოყენების პირობები






