ექსპერტის თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც გასათვალიწინებელი ფაქტორია, რადგან რუსეთმა შიდა-პოლიტიკური მდგომარეობა შეიძლება საკუთარი ინტერესების დასაწინაურებლად გამოიყენოს.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. შეიძლება მოსკოვს საკუთარი ფავორიტი ჰყავს და თუ კრემლმა ის დაინახა, რომ ამ ძალას საკმარისი პროგრესი არ აქვს, რუსეთი შეიძლება ღიად ან ფარულად ჩაერთოს პროცესებში. ასევე არის მესამე შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა ძალამ - მაგალითად, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ - რუსეთის ინტერვენციის პროვოცირება მოახდინოს" - ამბობს ექსპერტი.
კრამერის თქმით, ყირიმის ანექსიის შემდეგ, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და ნავთობზე რეკორდულად დაბალი ფასების გამო რუსეთის ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგა. ეკონომიკური ფონის დამძიმებამ შესაძლოა ქვეყანაში კრემლის მიმართ უკამყოფილება გაზარდოს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი პუტინი მოსახლეობის ყურადღების გადატანას გარე, პატრიოტულ ფაქტორზე ეცდება. საქართველო ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სამიზნე იქნება.
კრამერი საქართველოს უსაფრთხოებას ისეთ საერთაშორისო ფაქტორებსაც უკავშირებს, როგორიცაა რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში და კრემლის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში.
„უკრაინაში რუსეთს გარკვეული გამოუვალი სიტუაცია შეექმნა. პრეზიდენტმა პუტინმა არ იცოდა როგორ გამოსულიყო ამ სიტუაციიდან. ჩემი აზრით, მან სირიაში ჯარი სწორედ უკრაინის ფაქტორის გათვალისწინებით შეიყვანა. პუტინმა შეიძლება სცადოს, ჯავრი საქართველოზე იყაროს და ამით სხვა მძიმე სიტუაციებზე რუსი ხალხის ყურადღება მოადუნოს - “ მიაჩნია ექსპერტს.
მასალის გამოყენების პირობები






