დღეს, ირაკლი ალასანია, ზურაბ აბაშიძესთან, გიორგი ცაგარეიშვილთან და პარტიის ნაძალადევის რაიონის ორგანიზაციის ხელმზღვანელებთან ერთად ნაძალადევში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ორასამდე პარტიის მხარდამჭერი იყო შეკრებილი, ლიდერებმა მოქალაქეებს დეტალურად გააცნეს ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები.
ნაძალადევის რაიონში მცხოვრებთათვის, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობისთვის უმუშევრობა მთავარი პრობლემაა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა ასევე, დეტალურად ისაუბრეს სოციალურად დაუცველების პრობლემებზე, ეკონომიკურ კრიზისზე და საბანკო სესხებით დატვირთულ მოსახლეობაზე.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა დეტალურად ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომელიც უიმედო ვალების ჩამოჭრა/ჩამოწერას ითვალისწინებს, კანონპროექტი პარლამენტში დავით ონოფრიშვილმა წარადგინა.
კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას გააცნო, ბანკებში გადასახდელი სესხის პროცენტის დაბეგვრისგან გათავისუფლებაა, "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივით, მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც იპოთეკური სესხი აქვს, საპროცენტო ხარჯი 20%-ით შეუმცირდება.
„მოსახლეობას აინტერესებს არა ის, თუ როგორ უყვართ პოლიტიკოსებს ერთმანეთი, ან არ უყვართ, არამედ ხალხს აინტერესებს ის, თუ რომელი პოლიტიკური ძალა შეუმსუბუქებს მათ სოციალურ დეპრესიას, ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს, ვინ შექმნის ისეთ ეკონომიკურ გარემოს, სადაც განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი და გაჩნდება სამუშაო ადგილები. დღეს ჩვენ ნაძალადევში ვისაუბრეთ „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაზე, გუშინ გლდანში გვქონდა დიდი შეხვედრა, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში შევხვდებით მოქალაქეებს, სადაც გავაცნობთ „თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამას, როგორ მოვაგვარებთ პრობლემებს და გამოვიყვანთ ქვეყანას იმ კრიზისიდან, რომელშიც დღეს საქართველოა“ - ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანიამ და „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა ლიდერებმა ადგილობრივებს პრობლემების მოგვარების ხედვა შესთავაზეს და სისტემაში გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრეს.
მასალის გამოყენების პირობები






