„მაესტროს“ წილების განხილვა სასამართლოში 8 აპრილს განახლდება. მოპასუხე მხარემ მტკიცებულებები წარადგინა და მოსარჩელეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.
პროცესზე განცხადება მამუკა ღლონტის ადვოკატმა გააკეთა და ბიძინა ივანიშვილის, ივანე ჩხარტიშვილისა და გია ხუხაშვილის დაკითხვა მოითხოვა.
მამუკა ღლონტის განცხადებით, ნასყიდობის ხელშეკრულებასთან კავშირი აქვთ როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე ივანე ჩხარტიშვილსა და გია ხუხაშვილს.
„დასახელდნენ ბიძინა ივანიშვილი, ვისგანაც წამოვიდა წინადადება, რომ შეისყიდდა გია გაჩეჩილაძის წილს, ვინაიდან გია გაჩეჩილაძე და მისი ძმა ლევან გაჩეჩილაძე, ბიძინა ივანიშვილის წარმოდგენაში ხელს უშლიდნენ მას. შემდეგ, ორი მოწმე, ეს არის გია ხუხაშვილი, რომელიც ესწრებოდა ამ საუბარს და ბატონი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ორი წლის წინ ჩემთან, შეხვედრაზე იყო მოსული, რომელმაც ასეთი წინადადება წარმომიდგინა, რომ გია გაჩეჩილაძე, რომელიც არ აბრუნებდა წილს წინარე ხელშეკრულების შესაბამისად, მისგან იყო შემოთავაზება, რომ გამოართმევდა ამ წილს გია გაჩეჩილაძეს. ჩემს კითხვაზე, დამიბრუნებდა თუ არა ამ წილს, მან პასუხი ვერ მომცა, შესაბამისად საუბარი შეწყდა.
შესაბამისად მე არ ვიცი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა გადაუხადა თანხა, ვანო ჩხარტიშვილმა გადაუხადა თანხა თუ ვინ გადაუხადა, მე ვიცი, რომ ეს იყო ივანიშვილის წინადადება, მე ვიცი რომ ამ წინადადების შემდეგ გია გაჩეჩილაძემ გააფორმა წინარე ხელშეკრულება და რასაც ისინი ამბობენ, რომ თითქოს გაცლა უნდოდათ და ამიტომ გააკეთეს ხელშეკრულება, ეს აბსურდია.
მოსამართლე დაიბარებს თუ არა მოწმეებად ამ ადამიანებს არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი არ დამალავს სიმართლეს, მას შემდეგ რა შეიცვალა მის წარმოდგენაში არ ვიცი, ვინ რა ჭორი მიუტანა, თუმცა, მე იმედი მაქვს ივანიშვილი დაადასტურებს იმას, რომ გაჩეჩილაძემ გაყიდა თავისი წილი და ამაში ფული აიღო“, - აცხადებს მამუკა ღლონტი.
მასალის გამოყენების პირობები






