თუმცა, დირექტორების გათავისუფლებამდე, რამდენიმე საკადრო წმენდა თვით ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განხორციელდა. თავდაპირველად, თორდინავას უწყების მონიტორინგის სამსახურის და კადრების განყოფილების უფროსები გაათავისუფლეს და ეს პოზიციები “სანდო პირებს“ ჩააბარეს.
დაგეგმილი იყო თემურ თორდინავას ერთ-ერთი მოადგილის ჩანაცვლებაც კიდევ ერთი „სანდო“ კადრით. საწყის ეტაპზე „სანდო კადრის“ - მაია ქობალიას დროებითი პოზიცია - დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ეკა ძნელაძის ადგილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ინფორმაციამ გაჟონა და ძნელაძემ, სამსახურის დაკარგვის შიშით, დეკრეტული შვებულება ვადაზე ადრე შეწყვიტა და დაკავებულ თანამდებობას დაუბრუნდა. წყაროს ცნობით, ეკა ძნელაძე დავით ნარმანიას ერთ-ერთი მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის კადრია. ძნელაძე ვერ გაუშვეს და შესაბამისად, ქობალიას სხვა პოზიცია - შესყიდვების სამსახურის უფროსობა შესთავაზეს.
მაია ქობალია ააიპ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აუდიტის სამსახურიდან გადაიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით, ქობალია თბილის მერის ერთ-ერთი მოადგილის, გიორგი ლილუაშვილის კადრია. მათ ნაცნობ-მეგობრობას კი ქუთაისური ფესვები აქვს.
ქობალიას ბიოგრაფიაში ძალიან საინტერესო დეტალი ის არის, რომ იგი სააკაშვილის მთავრობაში მყოფი მამუკა კერვალიშვილის ახლო ნათესავია, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის საგადასახადო სამსახურის უფროსი იყო. კერვალიშვილი გამოკვეთილად აგრესიულ ფიგურად სახელდებოდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან და განსხვავებული აზრის მქონე პირებთან მიმართებაში. შესაბამისად, იგი, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური დამცველი, სწორედ ასეთი პირების ანგარიშსწორებით და სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებით იყო დაკავებული. მოგვიანებით, სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური დამცველობისა და ერთგულებისთვის, კერვალიშვილი დააწინაურეს და ადეიშვილმა მას იუსტიციის სამინისტროს საფინანსო სამსახურის მართვა ჩააბარა. მამუკა კერვალიშვილი ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს და „ოცნების ხელისუფლებას“ ერთგულებას ეფიცება.
როგორ დასრულდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების სკანდალური ცვლილებები და საერთოდ, როგორ განვითარდება მოვლენები თემურ თორდინავას უწყებაში, ძნელი სათქმელია. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თვით თორდინავას სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციიდან გათავისუფლება იგეგმება. თემურ თორდინავა დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ნათესავია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას მერთან ნათესაურმა კავშირმა უშველოს. როგორც ამბობენ, თორდინავას სწორედ დირექტორების სკანდალს გადააყოლებენ და მერიაში ნარმანიას გარემოცვა კიდევ ერთი კადრით შემცირდება.
მასალის გამოყენების პირობები






