გიორგი კვირიკაშვილის თქმით პროფესიული განათლების ახალი სასწავლო მოდელი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობით შეიქმნება.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს განათლების სამინისტრომ დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობით, შეიმუშავა გეგმა პროფესიული განათლების სისტემაში რეფორმების გასატარებლად. „ნიუპოსტი“ შაშკინს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ დღეს პრემიერის მიერ წარდგენილი პროექტი იყო იმ რეფორმის გამეორება, რომელიც განათლების სამინისტრომ მისი მეთაურობით 2011-ში დაიწყო, 2012-ში კი უკვე თამარ სანიკიძის მინისტრობის ჟამს ეს პროექტი შეჩერდა:
„დღეს პრემიერმინისტრმა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით ისაუბრა, ძალიან ვიხალისე, იმიტომ, რომ ზუსტად ერთი-ერთში, 99%, სიტყვებიც კი იყო გამეორება 2011 წლის პროფესიული განათლების რეფორმის პრეზენტაციის. 2011 წელს ჩვენ დავიწყეთ პროფესიული განათლების რეფორმა და ზუსტად იმავე პოსტულატებით, იმავე გეგმით, იმავე სტრატეგიით, რითიც ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმა. 2011 წლის ჩვენი რეფორმა კონკრეტულად ქალბატონმა სანიკიძემ გააჩერა, მავნებელმა მინისტრამ 2012 წლის შუა რიცხვებში, როდესაც განაცხადა, რომ ეს რეფორმა იყო ცუდი“, - განაცხადა შაშკინმა ჩვენთან საუბრისას.
მისივე თქმით, შესაძლოა კვირიკაშვილმა აღნიშნული დეტალები არ იცის, მაგრამ ინტერესდება ვინ უნდა აიღოს პასუხიმგებლობა იმაზე, რომ სამი წლის წინ შეჩერებული წარმატებული პროექტი დღეს აღადგინეს და სხვა ინტერპრეტაცია მისცეს:
„ბუნებრივია, ეს კვირიკაშვილს არ ეცოდინება, მაგრამ მაინტერესებს ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი, რომ იმაზე, რაზეც ის დღეს საუბრობს, სამი წლის წინ იყო გაჩერებული. ამის ახლიდან დაქოქვას წლები დასჭირდება. 2011 წელს პროფესიული განათლების მთავარი სტილი იყო ის, რომ პროფესიული განათლების წარმატება არის დამოკიდებული პირველ რიგში ბიზნესთან თანამშრომლობაზე. იმიტომ, რომ პროფესიული განათლება პირდაპირ არის დაკავშირებული დასაქმებასთან, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ბიზნესთან და გამოიკვეთა კონკრეტული დარგები, სადაც იყო დიდი დეფიციტი პროფესიონალი კადრების, ეს იყო მშენებლობა-ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, IT - ტექნოლოგიები და ტურიზმი. ეს ოთხი მიმართულება იყო 2011 წელს გამოკვეთილი და სახელმწიფომ დაიწყო ამ მიმართულებებით ინფრასტრუქტურების მკვეთრად გაუმჯობესება, შექმნა ვაუჩერული სისტემა, ყველა მსურველს ჩვენ ვაძლევთ ვაუჩერს და მათ შეეძლოთ ამ ვაუჩერით მიეღოთ პროფესიული განათლება. პროფესიული განათლება მოდულების მიხედვით იყო გადანაწილებული ისე, რომ პირველივე საფეხურის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლო მუშაობის დაწყება“, - აღნიშნავს განათლების ყოფილი მინისტრი.
მისივე თქმით თამარ სანიკიძის უწყების მიერ დაფინანსების ახალი სისტემის შემოღებამ განაპირობა 2011 წლის რეფორმაში ჩადებული პროფესიების უგულვებელყოფა და ისეთი პროფესიების წინ წამოწევა, რომელთა კადრებიც საქართველოს არ სჭირდება:
„ეს ყველაფერი მავნებელმა სანიკიძემ გააჩერა, მან დაფინანსების ვაუჩერული სისტემა გააჩერა, შემოიღო დაფინანსების სხვა სისტემა, სადაც მთავარი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ პროფესიული სწავლების თვითღირებულება არის სხვადასხვა, მაგალითად შემდუღლების სწავლება ბევრად ძვირია, ვიდრე ბუღალტრის ან კონსულტანტ-გამყიდველის, ახლა რაც სანიკიძემ გააკეთა, არის ის, რომ კოლეჯების აბსოლუტურმა-უმრავლესობამ, დაახლოებით 65-მა პროცენტმა, იმისთვის რომ დაეზოგა თანხები, იმის მაგივრად, რომ გაეკეთებინათ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, დაიწყო სტუდენტების მომზადება ბუღალტერიაში და კონსულტანტ-გამყიდველების კურსებზე, მე მაშინვე დავსვი შეკითხვა, რაში სჭირდება საქართველოს ამდენი ქვედა რგოლის ბუღალტრები, მე არ ვსაუბრობ, რომ ისინი მაღალი ხარისხის პროფესიონალებს ამზადებენ“, - განუცხადა შაშკინმა „ნიუპოსტს“.
განათლების ყოფილი მინისტრის თქმით, დღეს წარდგენილი პროექტის განვითარებას წლები დასჭირდება, მაშინ, როცა შესაძლებელი იყო სანიკიძის უწყებას არ შეეჩერებინა პროფესიული განათლების 2011 წლის რეფორმა, რომელიც დღეს უკვე დიდ შედეგს მოგვცემდა:
„2012-2013 წლებში განათლების სამინისტრო აწეული ცხვირით აკეთებდა განცხადებებს, რომ თურმე ჩვენ არაფერი გვესმოდა ამ რეფორმაში და ისინი არიან ყველაზე დიდი პროფესიონალები. დღეს პრემიერმა გაიმეორა 98 პროცენტი სიტყვებიც კი იმ პრეზენტაციის და რეფორმის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ვინ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ 3 წლის განმავლობაში გაჩერებული იყო სისტემა, 3 წლის განმავლობაში პროფესიული განათლება ნადგურდებოდა. ის რომ დაიქოქოს, რაზეც კვირიკაშვილი საუბრობდა, კიდევ მრავალი წელი დასჭირდება. 2011 წელს რომ გამოვაცხადეთ ეს რეფორმა, ხომ არ ნიშნავდა რომ ერთ დღეში გაკეთდებოდა, ეს ყველაფერი წყალში ჩაყარეს, 2016 წელს კი ახლიდან იწყებენ. ეს არ არის მარტო ერთი მაგალითი, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. წარმატებული პროექტები, რომლებიც უდიდეს შედეგს მოგვცემდა, იყო გაჩერებული სამი წლის განმავლობაში და თავიდან იწყებენ მას“, - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






