რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის, ასევე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლებმა, საქართველო- ნატო-ს შორის თანამშრომლობის გააქტიურების გამო შეშფოთება გამოთქვეს.
„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა, საქართველო- ნატო-ს შორის თანამშრომლობის გააქტიურების გამო შეშფოთება გამოთქვეს. თბილისის მხრიდან ორივე დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული პრეტენზიების გათვალისწინებით, ქართული არმიის პოტენციალის გაძლიერება და ნატო-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ზრდა, სოხუმსა და ცხინვალში საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს, ასევე საფრთხეს უქმნის კავკასიაში ვითარების სტაბილიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევას. ამავდროულად, სამხრეთ ოსეთმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში, პანკისის ხეობის რაიონში “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების მომზადების შესახებ არსებული ინფორმაციის გამო” - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ სამუშაო გარემოში გაიმართა.
"სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გახდა 10 მარტს პატიმრების სამმხრივი გაცვლა. ამავდროულად, მოსკოვში შეშფოთებულები არიან საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე პროვიკაციების გაგრძელების გამო. კონკრეტულად, გამაფრთხილებელი საინფორმაციო ნიშნების დაზიანების, ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირის მისიის დამკვირვებლების სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არასანქცირებული შეღწევის გამო" - ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდი საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლების მონაწილეობით, ჟენევაში 22-23 მარტს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






