ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ასეულის, ასევე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული გვარდიის ოცეულების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
ქართველ სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელება უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
„გაცილებთ და ამავე დროს ვფიქრობთ თქვენზე, ვფიქრობთ იმ ძალიან მნიშვნელოვან სამსახურზე, რომელიც თქვენ უნდა გაუწიოთ სამშობლოს და მთელ მსოფლიოს. თქვენ თანამებრძოლებთან ერთად, იმისთვის, რომ დაიცვათ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, თქვენ მიბრძანდებით საქართველოს ინტერესების დასაცავად. დღეს, როდესაც მსოფლიო მოცულია და შეძრწუნებულია ტერორიზმის საშინელი აქტებით, თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენ იცავდით და იცავთ საქართველოს საბრძოლო დროშას იმ მრავალსაუკუნიან და ამაყ ტრადიციას, რომელიც გვაქვს ქართველ ჯარისკაცებს“, - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა სამხედორებს.
მასალის გამოყენების პირობები






