როგორც "ნიუპოსტს" ახვლედიანმა განუცხადა, მისი ორგანიზაცია სასამართლო საკითხებზე იმუშავებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილება განხილვის თემად უკვე იქცა. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მამუკა ახვლედიანის შემდეგი გაჩერება პოლიტიკა იქნება.
„ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსვლა არასამთავრობოების სახით და ამ კუთხით მოსახლეობასთან საუბარი. თუმცა, სამთავრობოში რა გააკეთეს, რომ რაიმე არასამთავრობოში გააკეთონ, მაგრამ ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და მე ამაში არ ვერევი“- განაცხადა თემის კომენტირებისას დეპუტატმა გიგა ბუკიამ.
"ნიუპოსტი" სამომავლო გეგმებზე თავად მამუკა ახვლედიანსაც ესაუბრა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა სულაც არ გამორიცხა.
მისი თქმით, "პოლიტიკოსობა სირცხვილი არ არის".
- თქვენს განცხადებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავთ უმრავლესობის წევრის შეფასება მოჰყვა, გიგა ბუკია თვლის, რომ თქვენი მიზანი საბოლოო ჯამში პოლიტიკოსობაა...
- მე რასაც ვაკეთებ ყველაფერს ალალად, გულით ვაკეთებ. ამ ეტაპზე დაგეგმილი მაქვს არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმუშავებს. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს თუ მსგავს გადაწყვეტილებას სამომავლოდ მივიღებ, ამაში საგანგაშო არაფერია. წლებია სასამართლო სისტემაში ვმუშაობ და არ მინდა გავსცდე ამ სფეროს. ბოლო თვეებია აქტიურად მესმის, რომ თურმე, მე სასამართლო სისტემაში არსებული დანაშაულებების შესახებ განცხადებები საჯაროდ პოლიტიკური ინტერესის გამო გავაკეთე. თუმცა, ეს ისევ იმ პოლიტიკოსების მოგონილი ტყუილია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს, თუმცა, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და არაფრით შევიზღუდავ თავს. თუ დავინახავ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა არ არის საკმარისი იმ ძალასთან გასამკლავებლად, რომლებმაც სასამართლო სისტემა ხელში ჩაიგდეს, არც იმას გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკაში მოვიდე.
- თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, თქვენი უფლებებისთვის ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებდით, რატომ გადაწყვიტეთ ასე მოულოდნელად, არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლოთ?
- ჩემი გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მე უარს ვაცხადებ სარჩელზე. დღესაც ვთვლი, რომ გათავისუფლება პოლიტიკური ინტერესების გამო მოხდა. ეს არის პირდაპირი დევნა. რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, დავამტკიცებ იმას, რომ ჩემი გადაყენება არ იყო სამართლიანი. ქართულ სასმართლოებში თუ ვერ დავამტკიცე სიმართლე, მივმართავ სტრასბურგს. ძალიან დიდი ფინანსური სანქცია შეიძლება ქვეყანას დაეკისროს ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ბრძოლას არ ვწყვეტ. უბრალოდ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს ამ სისტემაში მუშაობის გაგრძელებას. უკულტურო ადამიანებთან მუშაობას არ აქვს აზრი, რაც არ უნდა ცოტა იყვნენ ისინი ამ სისტემაში. არ მინდა ამ კონფლიქტებით დაზიანდეს სასამართლო სისტემა. ეს რომ მდომოდა, ძალიან ბევრ სხვა საკითხზეც ვისაუბრებდი.
- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" სიაში იქნებოდით, გქონდათ თუ არა შემოთავაზება საპარლამენტო უმცირესობიდან?
- ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მსგავს თემაზე საუბარი იდეის დონეზეც არ ყოფილა. ეს იმ ადამიანების გავრცელებულია, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სისტემაში კაზუსებისა და ტესტების გაჟონვის პრობლემა კი არ არის, უბრალოდ ახვლედიანს აქვს პოლიტიკური გეგმები და ამიტომ აკეთებს ამ განცხადებებსო. აი ამ შთაბეჭდილების შექმნა უნდათ, ნაწილს პოლიტიკურ გეგმებზე აწვდიან ინფორმაციას, ნაწილს ეუბნებიან თითქოს ჩემს წინააღმდეგ რაღაც საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობდა. ნაწილთან ამბობენ, რომ პირადი კონფლიქტის გამო ვიქცეოდი ასე. მოკლედ, კიდევ ერთხელ ვამბობ არავისგან მიმიღია შემოთავაზება, თუმცა პოლიტიკოსობა სირცხვილი არ არის.
- ტესტირების სკანდალი ახსენეთ, სულ ისმის კითხვა, რატომ არ ჩააყენეთ იუსტიციის საბჭო საქმის კურსში, სანამ ამ პრობლემაზე საჯაროდ ისაუბრებდით?
- როგორც კი შესაძლებლობა მომეცა და ეს დოკუმენტი ვნახე, როდესაც დავრწმუნდი ამ ინფორმაციის სიმართლეში და დავრწმუნდი, რომ ეს არ იყო ერთეული ფაქტი, მაშინვე გადავწყვიტე, ეს განცხადება გამეკეთებინა. რაც შეეხება პრობლემაზე საბჭოში საუბარს, გეკითხებით - ამ ინფორმაციის გამჟღავნებიდან, ვინმემ გამოიძია ეს საქმე? განცხადებაც კი არ გაკეთებულა, რომ გამოძიება მიმდინარეობს ან ფაქტის შესწავლას რომ გეგმავდნენ. მართალია ამ საქმეზე არ მისაუბრია საბჭოში, თუმცა, მე მქონდა მათთან მუშაობის არც თუ ისე კარგი პრაქტიკა სხვა ბევრ პრობლემაზე, სამწუხაროდ არც ერთი მათი გადაწყვეტილი პრობლემა არ მინახავს. ისინი პრობლემის დაფარვით არიან დაკავებულნი. რა დაირღვა იმით, რომ პრობლემის შესახებ საზოგადოებამ გაიგო, მთავარი ის არის, რომ ამის შემდეგაც არავის გამოუძიებია ეს დანაშაული. როდესაც არსებობს ბრალდება, მინიმუმ ის ადამიანი უნდა იქნეს გადაყენებული, ჩვენთან კი დანაშაულს სწორედ იმ პირთან იხილავდნენ, ვინც ჩართული იყო ამ კანონდარღვევაში.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






