ილია მეორე საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდა.
"ჩვენ გვყავს პატიმრები, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული, მათ დაკარგული აქვთ ყოველგვარი იმედი, რომ ოდესმე გამოვლენ და დაუბრუნდებიან ოჯახს, საქმეს და სამშობლოს. მე მქონდა მათთან შეხვედრა, ისინი ლოცულობენ, შრომობენ, ხატებს წერენ... ჩვენმა პარლამენტმა და ხელისუფლებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში, უვადო არის მარტო ღმერთი“ - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქის ამ ინციატივას პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა.
უმრავლესობის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ყოფილი პატიმარია აცხადებს, რომ ვფიქრობ, პატრიარქის წინადადება სერიოზულ განხილვას იმსახურებს.
„მეც მეჩვენება, რომ უვადო პატიმრობა განსაკუთრებულად სასტიკია. ადამიანი, რომელიც თვითონაც იყო პატიმარი, თანავუგრძნობ ყველას, ვინც უვადო პატიმარია და ვფიქრობ, პატრიარქის წინადადება სერიოზულ განხილვას იმსახურებს“- ამბობს ბერძენიშვილი.
დეპუტატი იქვე დასძენს, იმისთვის რომ მისმა ფრაქციამ პოზიცია შეუიმუშავოს იურისტების შეფასებები და არგუმენტები უნდა მოისმინოს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას უვადო პატიმრობის შესახებ კანონის შეცვალასთან დაკავშირებით იზიარებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც.
„არ შეიძლება ადამიანი მთელი სიცოცხლე იყოს ციხეში. ამით სასჯელის მოხდას აზრიც ეკარგება. მათთან არაერთი შეხვედრა მქონია და კარგად ვიცი, რა სასტიკ მდგომარეობაში არიან. შესაბამისად, მე ვეთანხმები პატრიარქის ინიციატივას" - განაცხადა ბესელიამ.
რესპუბლიკელი თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ უვადო პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა მოითხოვონ ვადაზე ადრე გათავისუფლება და საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები განახორციელა.
„სულ ცოტახნის წინ მაშინ როდესაც 20 წლიანი ვადა 15წლამდე შემცირდა ასე უფრო ლიბერალური გახდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით უვადო პატიმრებისთვის პრეზიდენტისთვის შეწყალებისთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, თუმცა ჩვენ შესაძლებელია კიდევ ვიფიქროთ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ უვადო პატიმრებს მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ“- აღნიშნა დეპუტატმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის გიგი წერეთელის თქმით, პატრიაქრის ინიციატივაზე მსჯელობა შეიძლება.
„ვფიქრობ დღეს არსებობს კიდეც ქვეყანაში ლეგიტიმური მექანიზმები და გარკვეულ შემთხვევაში გადაიხედოს ასეთი გადაწყვეტილებები და მართლაც არის ამის საფუძვლები უვადო პატიმრობა. ასეთი გადაწყვეტილებები ადრეც ყოფილა, რამდენად მოხდერნიზება მოხდება აი ამ მუხლის ეს არის განსახილველი“- ამბობს წერეთელი.
რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიციას, როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თემის კომენტირებისას აღნიშნა, საინტერესოა როგორ უნდა აისახოს ცვლილება კანონმდებლობაში.
„პატრიარქის ეს ჰუმანური მოსაზრება არის საყურადღებო ყველა მოქალაქისთვის. აბსოლუტურად კარგად მესმის საიდან წამოვიდა უწმინდესის ეს განცხადება. მეორე მხარეა ეს კანონმდებლობაში როგორ უნდა აისახოს, უნდა აისახოს თუ არა, ხელისუფლებამ უნდა გასცეს კონკრეტული პასუხი ამ შეკითხვას“- აღნიშნა ალასანიამ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს აწუხებს უვადო მსჯავრდებულთა მდგომარეობა და სწორედ ამის გამო, ორი წლის წინ პრეზიდენტის მიერ დებულებაში შეტანილი ცვლილებით უვადო მსჯავრდებულს შეწყალებაზე მოთხოვნის შეტანის უფლება მიეცა.
„პრეზიდენტის ინიციატივით, 25 წლიანმა ვადამ დაიწია 15 წლამდე და უვადო მსჯავრდებულების საკითხს, რომლებსაც 15 წელი საპატიმრო სასჯელი აქვთ მოხდილი, შეწყალების კომისია არსებითად განიხილავს “, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ. მისი განცხადებით, კომისია ისედაც განიხილავს უვადო მსჯავრდებულთა საკითხებს და რეკომენდაციებს წარუდგენს პრეზიდენტს. „ამ ორი წლის განმავლობაში 8 უვადო მსჯავრდებული შეიწყალა პრეზიდენტმა. შეწყალება თავისთავად ნიშნავს გათავისუფლების განსაზღვრული ვადების დადგენას, ვადიან მსჯავრზე გადაყვანას. ეს პროცესი გრძელდება და შეწყალების კომისიაში მუდმივად შემოდის ამა თუ იმ უვადო მსჯავრდებულის სკითხი. ბუნებრივია, უვადო მსჯავრდებულთა დანაშაულები, რის გამოც მათ მსჯავრი დაედოთ საკმაოდ მრავალმხრივია და დანაშაულების საკმაოდ ფართო სპექტრია. კომისია ცალკეული ამ დანაშაულების დეტალებსაც სწავლობს. ხშირად ყოფილა როდესაც ჩვენ შევხვდით უვადო მსჯავრდებულებს და ვესაუბრეთ და ამის შემდგომ გარკვეული გადაწყვეტილება გამოუტანია კომისიას და შემდგომ პრეზიდენტს“ - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






