ჟენევაში გამგზავრებამდე შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, სააგენტო „სპუტნიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი.
სააგენტოს ცნობით, იტალიაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობა იხსნება, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ მსგავსი ფაქტი არ დამტკიცდება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე იკვლევს.
უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ეს ფაქტიც, სხვა ფაქტების მსგავსად, მორიგი საინფორმაციო პროვოკაცია იყოს.
„ჩვენც და საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ინფორმირებულნი ვართ, აღნიშნულ საკითხზე მიდის ინფორმაციის დამატებით მოკვლევა, იტალიურ მხარესთან კომუნიკაციაც შედგება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც წესი, მსგავსი ინფორმაციები ვრცელდება ერთეული პირების მიერ და ცდილობენ დაირქვან ოფიციალური წარმომადგენლები, შედეგად კი საერთო არ აქვთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოზიციებთან, რომლებსაც ცალსახად და არა ერთხელ აქვთ დადასტურებული პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






