პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებმა, მთავარი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „სისხლის სამართლის კოდექსის“ ის მუხლები განიხილეს, რომლებიც პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებს არეგულირებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა კიდევ უფრო დახვეწას საჭიროებს, რომელზეც აუცილებელია მუშაობის გაგრძელება.
ეკა ბესელიას განცხადებით პირადი და ოჯახური საიდუმლო სივრცე უფრო მკაცრად უნდა იყოს დაცული:
„ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ბევრი და კომპლექსური საკითხი განვიხილეთ, რომელებიც არსებულ გამოწვევებს უკავშირდება. პირველი და აუცილებელი ნაბიჯი რაც უნდა გადავდგათ საკანონმდებლო კუთხით არის ის, რომ უფრო მეტად და მკაცრად იქნეს დაცული პირადი და ოჯახური საიდუმლო სივრცე, რაც შეიძლება ცალკე მუხლად იყოს გამოტანილი. ამ მიმართულებით კომიტეტი დაინტერესებულ წრეებთან რამდენიმე შეხვედრის გამართვასაც გეგმავს“.
პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლი არეგულირებს.
მასალის გამოყენების პირობები






