საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით, 18-20 მარტს გამართულ ბრიუსელის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
თენგიზ ფხალაძე „ჰიბრიდული ომებისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ“ დახურულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.
როგორც თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ბრიუსელის ფორუმის მიზანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერება და ჩრდილო ამერიკასა და ევროპას შორის გლობალურ საფრთხეებზე ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
მისი განცხადებით, ეს არის გავლენიანი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების შეხვედრის პლატფორმა, რომელზეც გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ.
ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ევროკავშირის ინსტიტუტების და წევრი სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირები, ამერიკელი კონგრესმენები, პარლამენტარები, მეცნიერები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ფედერიკა მოგერინი, იანს სტოლტენბერგი, დონალდ ტუსკი, ალექსანდრ ვერშბოუ, მარტინ შულცი.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება დისკუსია ისეთ საკითხებზე როგორიცაა უსაფრთხოების შეფასება, უსაფრთხოების ღირებულებები-ტერორიზმთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანებში, ტრანსატლანტიკური ენერგოუსაფრთხოება, გლობალური ფინანსური კრიზისი, მიგრანტთა კრიზისის შედეგები ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის, რუსეთი, უკრაინა და ევროპის მომავალი.
მასალის გამოყენების პირობები






