თავის მხრივ "ნიუპოსტის" რედაქცია ითხოვს გაკეთდეს მღებრიშვილის უწყების მხრიდან ოფიციალური განმარტება, თუ რას უკავშირდებოდა სააგენტოს მთავარი რედაქტორის საცხოვრებელ სახლში გუშინ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებები.
ეკატერინე შინდაგორიძე კი აპირებს გუშინ მომხდარი ფაქტის გამო ოფიციალური განცხადებით მიმართოს აშშ-ს საელჩოს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს.
„მე ამ დრომდე ველოდებოდი შს სამინისტროსგან ოფიციალურ განმარტებას, თუ რატომ გაჩხრიკეს ჩემი ორი საცხოვრებელი სახლი და ამის შემდეგ დაკითვაზე გადაიყვანეს ჩემი ვაჟიშვილი. ნუთუ მარტო "გმადლობთ-ბოდიშით" ამოიწურება ასეთი ფაქტები?! ღიად ვაცხადებ, რომ მაქვს კითხვის ნიშანი კერძოდ, რატომ მოხდა ჩხრეკა არა კონკრეტული რაიონის განყოფილების, არამედ შს სამინისტროს მიერ და ამის შემდეგ, რატომ არ განმიმარტა სამინისტრომ ოფიციალურად, თუ რასთან მქონდა საქმე. ბოლომდე შევეცდები გავარკვიო ყველა დეტალი. ვაპირებ მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და ჩავაყენო ისინი საქმის კურსში, გამოდის, რომ ქვეყანაში იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქე იყოს დაცული, დარჩენილია ერთადერთი გზა - მიმართვა საერთაშორისო დიპლომიატიური წარმომადგენლობებისთვის“- აცხადებს ეკატერინე შინდაგორიძე.
სამართალდამცავებმა „ნიუპოსტის“ მთავარი რედაქტორის საცხოვრებელი სახლები გუშინ გაჩხრიკეს. თუმცა, ჩხრეკის შედეგად ადგილზე კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ.
შედგა შესაბამისი ოქმი, თუმცა, ბოლო წუთს სამართალდამცავებმა ეკატერინე შინდაგორიძის ვაჟი, დავით ჯვარშეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე გადაიყვანეს. ნახევარსაათიანი დაკითხვის შემდეგ კი ახალგაზრდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






