„ზურაბ აბაშიძე იმყოფება ადგილზე და ის ვალდებულია შესაბამისი პასუხი გასცეს, ყველა იმ ბრალდებებსა და პრეტენზიებს, რომელიც გაჟღერდა კარასინის მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტულად განცხადებს, ფრიად სამწუხარო ტენდენციად იქცა ქართულ რუსული დიალოგის მორიგი რაუნდის წინ პროვოკაციების მოწყობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე.
მოწესრიგებულ საზოგადოებაში, რომელზეც საუბრობდა ბატონი კარასინი, სწორედ ამგვარი ბრალდებები ითვლება მიუღებლად. ამავდროულად, ნორმალური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც ასევე ახსენა ბატონმა კარასინმა, უპირველესად გულისხმობს ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემას და სხვა საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. საქართველო სწორედაც რომ ისწრაფვის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ და მაქსიმალურ ძალისხმევას ახმარს ნებისმიერი უმწვავესი საკითხის მოლაპარაკების ფორმატში გადაჭრას, თუმცა აქვე მინდა დავძინო, რომ ეს მიდგომა და ჩვენი რაციონალიზმი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რაიმე სახით შეგუებას ოკუპაციასთან და ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას. წყალგამყოფს წარმოადგენს სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლილანობა. ტერიტორიული მთლიანობა არის ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილი ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას. სწორედ ამ პრინციპის დაცვისკენ და აქედან გამომდინარე კონსტრუქციულ რეჟიმში დარჩენისაკენ მოუწოდებს საქართველო რუსეთის ფედერაციას. რაც შეეხება არჩევნებს, ეს საქართველოს საშინაო საქმეა და ის ჩატარდება დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვით. მე არ ვიცი რომელ არჩევანზე ლაპარაკობდა ბატონი კარასინი, თუ საუბარია საქართველოს სტარტეგიულ არჩევანზე, ეს არჩევანი საქართველოს კარგა ხანია გაკეთებული აქვს და არ შეიცვლება. თუ საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე , ვიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს საშინაო საქმე, ქართველი ხალხის სუვერენული ნება და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ ნების და არჩევანის დაცვისთვის“- განაცხადა ფხალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






