,,ვიღაცის ხელი აშკარად ცდილობს საქართველო პროგრესული განვითარების კალაპოტიდან ამოაგდოს. აშკარაა, რომ ხელისუფლების გავლენა პროცესების მართვაზე თანდათან მილევად ხასიათს იძენს. ვინც ამ პროცესებს მართავს, კარგად ხედავს, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ავტორიტეტების მსხვრევა და ტოტალური უნდობლობის დანერგვა! დღეს, უმეტესწილად, სახელმწიფო ინსტიტუტებიც დისკრედიტებულნი არიან, პოლიტიკური პარტიებიც და სამოქალაქო საზოგადოებასაც არ ჰყავს ლიდერი, ვინც მოვლენების განვითარებაზე გავლენას მოახდენს. მოქალაქეებს არ აქვთ განცდა, რომ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედონ და განმუხტონ არსებული ურთულესი სიტუაცია.
ფაქტია, რომ მმართველ კოალიციაში შექმნილია ვითარება, როცა მასში შემავალ სუბიექტებს და ცალკეულ პოლიტიკოსებს ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე მეტად მომავალ პარლამენტში მოხვედრის საკუთარი შანსი უფრო აინტერესებთ და დაკავებულნი არიან გათვლებით, რა მოიმოქმედონ, რომ ეს შანსები მაქსიმალურად გაზარდონ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაში აშკარად იკვეთება კოალიციაში სუბიექტად მოხვედრის მსურველი პოლიტიკური ძალების ინტერესები, რომლებსაც ახალგაზრდობის დაპირისპირების ხარჯზე მმართველ კოალიციაში პოზიციების განმტკიცება და იქ დარჩენის გარანტიების შექმნა სურთ.
ნიშანდობლივია, რომ „მართვადი ქაოსი“ თუ „უმართავი სიტუაცია“ ქვეყანაში იქმნება სწორედ მაშინ, როცა ასე თუ ისე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რეალიზების და ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების აშკარა შანსი გაჩნდა.
მოვუწოდებთ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოახდინოს საკუთარი ძალების მობილიზება და დაანახოს მოქალაქეებს, რომ მას შეუძლია ქვეყნის მართვა. ფაქტია, რომ დღეს არსებულ ვითარებაში ხელისუფლების უსუსურობა და უმოქმედობა დანაშაულის ტოლფასია და ეს ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს.
მოვუწოდებთ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც აშკარად აცნობიერებს რა საფრთხის შემცველია დღეს შექმნილი სიტუაცია ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის, ვიმოქმედოთ მეტი აქტიურობით და მიზანმიმართულად, რათა არ დავუშვათ იმ ძალების გაბატონება ქვეყანაში, რომელთაც არ სურთ საქართველო ევროპული ტიპის წარმატებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ იხილონ, ვისაც სურს ქვეყნის და ჩვენი ცხოვრების დღის წესრიგი, ჩვენი ყოველდღიურობა სხვისი პირადი ცხოვრების გამომზეურება - განქიქების დაუსრულებელ სერიებად აქციოს.
ვიმოქმედოთ, სანამ ქვეყანა ქაოსში ჩაძირულა და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს აუდიტორიებიდან არიან გამოსული მომავლის პერსპექტივა დიდი ხნით არ დაკარგვიათ, ვიმოქმედოთ, სანამ ბინძურ ადამიანებს ბოლომდე არ მიუღწევიათ თავიანთი მიზნისთვის და შანტაჟის ატმოსფერო საბოლოოდ არ უქცევიათ ქვეყნის ცხოვრების ნორმად, ვიმოქმედოთ, სანამ ვექტორი, რომელიც ნელა, მაგრამ მაინც ევროპისკენ მიემართა, უკან არ დაუბრუნებიათ და ჩრდილოეთისკენ არ მიუმართავთ!
ჩვენს ქვეყანას სწორი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ძვრები სჭირდება და არა ის პერსპექტივა, რომელსაც, სამწუხაროდ დღეს არსებული ვითარებით, მომავალი 2016 წლის არჩევნების შედეგები გვიქადის. ჩვენ უნდა შევცვალოთ ქვეყანა და არავის უნდა მივცეთ საშუალება საქართველო წარუმატებელ, მუდმივად ხელმოცარულ, უპერსპექტივო სახელმწოფოდ აქციონ!“ -ნათქვამია ,,ახალი მემარჯვენეების“ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






