"ნიუპოსტი" ლუკავას ოკუპირებულ აფხაზეთში ტელეფონით დაუკავშირდა. მისი თქმით, ის გათავისუფლებულთა შორის იმყოფებოდა, თუმცა ზაქარეიშვილის დამსახურებით ისევ დრანდაში დააბრუნეს.
გთავაზობთ პატიმართან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუს (სტილი დაცულია):
- პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თქვენ არ მოაწერეთ ხელი შეწყალების თხოვნას. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?
გიორგი ლუკავა: ეს ყველაფერი ტყუილია, დამაწერინეს, რომ გავეყვანეთ საქართველოში. მერე დამაბრუნეს და ისეთი ადამიანი წაიყვანეს ვინც სპისოკში (სიაში) საერთოდ არ იყო. ძალით წაიყვანეს, სთხოვეს ენგურამდე მისულიყო და თუ სურვილი ექნებოდა მერე უკან აფხაზეთში დაბრუნებულიყო.
- შეწყალების თხოვნას ხელი მოაწერეთ თუ არა?
- შეწყალებით არ მიმიმართავს, ამის გარეშეც მიშვებდნენ. უკან მომაბრუნეს ბოლო წუთს...
- ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ყველა პატიმარს უნდა დაეწერა შეწყალების თხოვნა, რატომ არ გააკეთეთ ეს თქვენ?
- ამაზე აქიდან, გასაგები მიზეზების გამო ვერ ვისაუაბრებ... ყველაფერი ხდება... მახო რურუა, რომელიც გადაიყვანეს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მან იცის დეტალურად რა დღეში მაგდებენ აქ, რა დღეში ვარ ახლაც... საიდან მოიტანა, ზაქარეიშვილმა რომ მე უარი ვთქვი გათავისუფლებაზე?
- ვის არ უნდოდა თქვენი ტყვეობიდან გამოხსნა, რა იყო ამის მიზეზი?
- პაატამ მიღალატა, ზაქარეიშვილი ერის მოღალატეა. მან ჩემი თავი გათავისუფლება არ მოითხოვა. 9 კაცი ჰყავდა გასაყვანი, მაგრამ საბოლოოდ გაიყვანა 8, რატომ წაიყვანა ისეთი ადამიანი, ვინც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას საერთოდ არ აპირებდა.
- პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზურ მხარეზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თქვენ მეორედ დაგაკავეს, მანამდე გაფრთხილება გქონდათ?
- პირველად 1991 წელს დამაკავეს, იარაღი მქონდა და ორი წელიწადი მოვიხადე. ხელახლა დაკავებისას კი მითხრეს, რომ რადგან მეომარი ხარ 20 წელი იჯდები ციხეშიო.
- თქვენი ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ პირი ვიზეც თქვენს გაცვლას ხელისუფლება გეგმავს ტერაქტისთვის გასამართლებული მერაბ ყოლბაია იგივე "კოჭოიაა" - ფლობთ ამ ინფორმაციას?
- მოლაპარაკებები იყო ჟენევაში, რუსეთში, აფხაზეთსა და ოსეთში იქ გადაწყდა რომ 9 ადამიანის გაყვანა შეეძლოთ. მე კი აქ ვარ. დღესაც შეუძლია ზაქარეიშვილს ჩემი გაყვანა. ვპირდები მთავრობას, რომ ყველას თვის ბოლომდე დავატოვებინებ ადგილს...
- ზაქარეიშვილის უწყება ამბობს, რომ 14 ქართველი უკანონო პატიმარი გათავისუფლდა 4-ის სანაცვლოდ...
- ვინც უკან გამობრუნდა, ანუ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადასულა ისინი არ ითვლება. ენგური 8 პატიმარმა გადაკვეთა, როცა 9 -ს უნდა გადაეკვეთა.
- თქვენ ხელისუფლებას თანამდებობების დაკარგვით დაემუქრეთ როგორ აპირებთ ამის გაკეეთებას?
- საქართველოსთვის მებრძოლი ადამიანი გაიყვანონ აქედან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ რამეს გავაკეთებ ყველა დატოვებს თანამდებობას, სიტყვას შევასრულებ. ძვრებს დავიწყებ, მივმართავ ყველას, ქართულ ჯარს რომ მეომარი კაცი აქ არ უნდა ვიყო.
უწყების ცნობით, პატიმრების გათავისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად მოხერხდა.
რაც შეეხება ლუკავას, ოფიციალური ვერსიით, ის შეწყალებულთა სიაში იყო, თუმცა პატიმარმა მას ხელი არ მოაწერა. არაოფიციალური ვერსიით კი აფხაზები ლუკავას გათავისუფლებას ეწინააღმდეგებიან. სხვა ინფორმაციას ავრცელებენ გიორგი ლუკავას ოჯახის წევრები. დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის ოჯახი პაატა ზაქარეიშვილს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმრის გათავისუფლების სანაცვლოდ რუსი ოკუპანტები ტერორისტების გათავისუფლებას ითხოვენ. ამ კონსტესტში ტერაქტისთვის გასამართლებული მერაბ ყოლბაია იგივე "კოჭოია" დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები






