აქამდე ამ უაღრესად საშიშ ტენდენციას წავუყრუეთ. წაყრუებაა არა მარტო საზოგადოების დიდი ნაწილის გულგრილობა, რაც ძალიან დამაფიქრებელია, არამედ - აქტიური ჯგუფების არასათანოდო რეაქციაც. სანამ უნდა ვიაროთ აღმა-დაღმა პლაკატით ,,ისევ გვისმენენ“. განვლილი ფაქტებიდან უკვე ხომ ცხადზე ცხადია, რომ ხელისუფლება არა მარტო არ გვიცავს, არამედ თავად არის ამ ამაზრზენი სანახაობების ინსპირატორი. ფირებიც მასთან არის დაწყობილი და თითოეული თავის რიგს ელოდება. თანაც, ყოველი ,,ჩვენების“ გამჭოლი მიზანი ის არის, არაორაზროვნად იკითხებიდეს, რომ ეს ხელისუფლებისაგან მოდის და ის დაუსჯელია. ასე იყო ჟურნალისტის შემთხვევაში, ასე იყო ცნობილი საჯარო ჩვენებებისას ზუგდიდსა და თბილისში, ასეა ეხლაც.
პოლიტიკური კონტექსტიც ნათელია. პირველ რიგში თავდასხმის ობიექტი ოპოზიციაა, შემდეგ სხვა დანარჩენი სხვაგვარად მოფიქრალი, ბოლოს ყველა. ამიტომ ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, რბილად რომ ვთქვათ, ინფანტილურ მოწოდებებს გამოძიების შესახებ. ვინ რა გამოიძია აქამდე და აწი რას გამოიძიებს?
თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოვშანთოთ ეს საშინელი დეგრადაცია, ხელისუფლება ასეთ საზიზღროებას უნდა გადავაყოლოთ, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს მისდამი და ამისათვის არჩევნებს არ უნდა ველოდოთ.
მინდა ვკითხო იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამჟამად აღმოჩნდნენ შუშის სასახლის მტაცებლის მსხვერპლი: სანამ გააგრძელებთ აკადემიურ მსჯელობებს მათ ბოროტმოქმედებებზე, რა უნდა მოხდეს კიდევ თქვენს თავს, რომ ქუჩაში გამოხვიდეთ?
და კიდევ ერთი რამ, უკვე კმაყოფილებით მოჭიხვინეებისათვის. ისტორიის გაკვეთილი ის არის, რომ გილიოტინით აღფრთოვანებულებს, შემდეგ თავად მოუწიათ მასში თავის გაყოფა. ეს კარგად დაიმახსოვრეთ!
მალხაზ პატარაია
მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე
მასალის გამოყენების პირობები






