თბილისმა, ცხინვალმა და სოხუმმა პატიმრები გაცვალეს. პაატა ზაქარეიშვილი პატიმრებს პირადად გაესაუბრა, მხარეებს კი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 14 ქართველი უკანონო პატიმარი 4-ის სანაცვლოდ, საქართველოს მიერ გადაცემულ პატიმართა შორის სამი 2005 წლის გორის ტერაქტში იყო ბრალდებული და მათ უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
რამდენად მიზანშეწონილია პატიმრების გაცვლა ტერორისტებში? ამ კითხვას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა უპასუხა:
„ჩემთვის უაღრესად ღირებული იყო ეს გადაწყვეტილება, შემიძლია ისრაელის მაგალითი მოგიყვანოთ, როცა ერთი ადამიანის გათავისუფლებაში ამ ქვეყანამ 1000 ადამიანი გაცვალა. მე ვთვლი, ეს ადამიანები, რომლებიც ტერაქტში იყვნენ ბრალდებულნი და იხდიდნენ სასჯელს, 11 წელზე მეტი მოიხადეს, ჰქონდათ უვადო პატიმრობა, ადრე თუ გვიან მათ აუცილებლად განესაზღვრებოდათ ვადა, ეს არ არის სამუდამო პატიმრობა, ეს არის უვადო პატიმრობა, როგორც წესი 20 წლის თავზე სასჯელის გადახედვა ხდება.
როცა ჩვენ, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე საშუალება გვქონდა, ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობისგან გვეხსნა, მე ვთვლი, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო იმის სანაცვლოდ, რის გაკეთებაც საქართველოს შეეძლო“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






