როგორც ირკვევა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის შედეგები სავალალოა.
სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო.
უფრო კონკრეტულად: სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.
გამოცდაზე 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი იყო დარეგისტრირებული, მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა გადალახა. ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა.
დეტალური მონაცემები იხილეთ აქ:
ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. ,,ნიუპოსტი" განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.
- სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო, რას უკავშირებთ ამ საგანგაშო შედეგებს?
- განათლების რეფორმის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული პედაგოგების კვალიფიკაციაზე. ეს წინა ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმოდა. ჩვენი მთავრობაში ყოფნის პირობებში, 2010 წელს დაიწყო პედაგოგთასერთიფიცირების პროცესი. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი გამოცდაზე გაიყვანო და შეამოწმო. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო მოგვემზადებინა მასწავლებელი - უნდა აამაღლო მისი კვალიფიკაცია, ამ საქმეში ჩადო ფული მასწავლებელს უნდა შეუქმნა მოტივაციის სისტემა. ჩვენ ამ მიზნის განხორციელებითვის შევქმენით, სრულიად ინოვაციური პროექტი საქართველოსთვის - „მასწავლებლის სახლი“. ეც სახლები გაიხსნა თბილისში, ქუთაისში 2012 წლის ბოლომდე კიდევ 5 ასეთი სახლის მშენებლობა იგეგმებოდა დიდ ქალაქებში.
- რამდენად ეფექტური იყო „მასწავლებლის სახლი“?
- ამ პროგრამის დაწყებიდან 2 წლის თავზე პედაგოგ ების % 25 სერთიფიცირებული იყო. მათი კვალიფიკაცია იყო მაღალი და შესაბამისად იღებდნენ მაღალ ხელფასს, ხშირ შემთხვევაში 1000 ლარს. ჩვენი გათვლებით 2015 წლისთვის ყველა პედაგოგი სერთიფიცირებული უნდა ყოფილიყო. ამ ხელისუფლებამ ჩვენ მიერ დაწყებული სახლების მშენებლობა გააუქმა, თბილისში მდებარე „მასწავლებლის სახლი“ კი ყავის დალევის ცენტრად გადაიქცა, არა იმიტომ რომ იქ პროფესიონელებს მუშაობა აღარ უნდათ, არამედ არ არის ბიუჯეტში გათვალისწინებული პედაგოგთა სასერთიფიკაციოდ საჭირო თანხა. მეტიც დღევანდელმა მთავრობამ ხელფასზე კვალიფიკაციის შესაფერისი სახელფასო მიბმა საერთოდ გააუქმა.
- გასულ წელს ხელისუფლებამ პედაგოთა სავალდებულო სერთიფიკაცია გააუქმა და პედაგოგთა კარიერული ზრდის პროგრამა შემოიღო, როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?
- არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას და პედაგოგთა კარიერული ზრდის პროგრამას იდიოტურს ვუწოდებ. ეს პროგრამა თავიდან ბოლომდე აგებულია თვითშეფასებაზე. პედაგოგებს ეუბნებიან - შენი თავი შენვე შეაფასე, შედეგიც შესაბამისი მიიღეს - 2015 წელს საქართველოში მასწავლებლებმა საკუთარი თავი იმაზე ბევრად კარგად შეაფასეს, ვიდრე ეს გააკეთა თუნდაც ფინეთის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მასწავლებლებმა.
- პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის შედეგებს მივუბრუნდეთ - სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა ეს ფაქტი რაზე მეტყველებს?
- ამას ძალიან მარტივი მიზეზები აქვს: 1 - პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში არ ეხმარებიან. პედაგოგების ხელფასი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ თანხის ნაწილი მათ ცოდნის გაუმჯობესებაში ჩადონ - ეს მათი ბრალი არ არის, დამნაშავე სახელმწიფოა. 2- არ არსებობს მოტივაციის სისტემა, წინა ხელისუფლება პედაგოგს იმის გარანტიას აძლევდა, რომ რაც უფრო მეტი იქნებოდა მისი კვალიფიკაცია მით უფრო მეტ ხელფასს მიიღებდა. ეს სისტემა ამ მთავრობამ მოსპო.
3 - მთლიანად გაანადგურეს პროგრამა, რომელიც საქართველოში უცხოელი პედაგოგების შემოყვანას ითვალისწინებდა.
- რა კავშირი აქვს ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანას პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის შედეგებთან?
- გარდა იმისა, რომ ისინი ასწავლიდნენ ჩვენს ბავშვებს, ქართველი პედაგოგები მათგან სწავლობდნენ ინგლისურს. ჩვენ პედაგოგებს 200 ლარით ვუმატებდით ხელფასს, რომ შეესწავლათ ინგლისური, რადგან ეს აძლევდა მათ საშუალებას მოეძიებინათ ახალი ინფორმაცია ინტერნეტში მარტივად და აემაღლებინათ კვალიფიკაცია. თვითგანათლებაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. როდესაც ადამიანს არ გააჩნია მოტივაცია, არც ფული აქვს და არ ფლობს ინგლისურს რა თქმა უნდა გაუჭირდება გამოცდის ჩაბარება.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






