მასწავლებელთა პროფესიული გამოცდების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე კომენტარს აკეთებს. მინისტრის განცხადებით, შედეგები სახარბიელო არ არის, თუმცა, უკეთესის მოლოდინი არ ყოფილა:
„მასწავლებელთა პროფესიული გამოცდების შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ უკეთესის მოლოდინი არ ყოფილა, რადგან გასული წლებიდან მოყოლებული, პრობლემები არსებობს. სახელმწიფომ სისტემა თავიდან ბოლომდე შეცვალა. შეიქმნა სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა მასწავლებელს თანაბრად ექნება საშუალება, საჭიროებებზე მორგებული გადამზადება გაიაროს. ეს სისტემა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პირველად 2016 წლის ზამთარში ჩატარდა ტესტირება. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ტესტის ჩაბარების უფლება მასწავლებელს აქვს კიდევ სამი წლის განმავლობაში და წელიწადში ორჯერ გადამზადების კვალდაკვალ ისინი შეძლებენ, ჩააბარონ ტესტი", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარში ჩატარებული მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე საუკეთესო შედეგი მხოლოდ რუსული ენის პედაგოგებმა აჩვენეს. გამოცდაზე გასული 186 მასწავლებლიდან გამოცდა წარმატებით 103 პედაგოგმა ჩააბარა, რაც დაახლოებით 56 %-ია.
სულ გამოცდაზე 10 552 პედაგოგი დარეგისტრიდა, თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 6 477 მასწავლებელი გავიდა. შედეგად კი 83%–მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა
მასალის გამოყენების პირობები






