მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გავრცელდება 30 ქვეყანაზე: შენგენის სივრცის ევროკავშირის წევრი 22 ქვეყანა: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, იტალია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია, საბერძნეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, მალტა. შენგენის კანდიდატი, ევროკავშირის 4 წევრი ქვეყანა: კვიპროსი, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი. შენგენის ასოცირებული 4 ქვეყანა: ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია.
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს.
ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას, ოფიციალურად 2016 წლის 9 მარტს წარუდგინა. შემდგომი პროცედურის თანახმად, ევროკომისიის წინადადებას რეგულაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ განიხილავენ ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო. ევროპარლამენტის თანხმობის შემდეგ, ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს განახლებულ რეგულაციას და ცვლილებას ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცვლილების საფუძველზე საქართველო შეტანილ იქნება იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობენ. ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება რეგულაციის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 20 დღეში.
მასალის გამოყენების პირობები






