დღეს მთელი მსოფლიო ექომაგება ნადია სავჩენკოს, რომელიც უკვე ორი წელია უკანონოდ და უსამართლოდ ჰყავს დატყვევებული პუტინს. ევროპარლამენტში ინიცირებულია ,,სავჩენკოს სია“. თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში აქციები იმართება ამ გმირი ქალის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში რატომ არიან ჩვენი დეპუტატები და მთავრობა ჩირგვებში შეყუჟულები, თუ ეს არ ეხებათ? ნუთუ დაავიწყდათ უკრაინელთა თანადგომა აფხაზეთის ომში ან 2008 წლის რუსული აგრესიის დროს, ამ მამაცი და ღირსეული ხალხის უდიდესი ვალი რომ გვაქვს.
14 მარტს სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება რუსული შეკვეთით დატუსაღებული რომან შამათავას პროცესი, ლეგენდარული ,,გაგრის ბატალიონის“ მეომრის, ხურჩის ეპიზოდზე. არსებობს რუსული ინფორმაციული ომის ძველისძველი დებულება - საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ქმედებების ისევ ჩვენზე გადმობრალება. გახსოვთ, ალბათ პირველად აფხაზეთში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შესახებ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა რომ თქვა: ქართველების თვითმფრინავებს ღებავენ და თვითონ იბომბავენ თავსო. შემდეგაც არაერთხელ უთქვამთ ასეთი რამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფაქტზე და ჩვენშიც აჰყოლიან ხოლმე ნაირ-ნაირი კაპიტულანტები.
განსაკუთრებით, 2008 წლის ომზე გვეძალებოდა მტერი ამ ხრიკით. მისგან შეკვეთილი ,,ოცნების“ წინასაარჩევნო და შემდგომ სახელისუფლო კამპანია საქართველოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყების შესახებ ძლივს მოვიგერიეთ. ეხლა კიდევ პროკურატურა აგრძელებს ასეთივე უაზრობას შამათავას საქმეში. მისი აზრით, თურმე ქართველებმა თავად ვესროლეთ ხურჩასთან ქართველებს, იმისათვის რომ არჩევნები ჩაშლილიყო (!). ამას თავგამოდებით ამტკიცებს სახელმწიფო ბრალმდებელი, მიუხედავად ამ ამბის სრული აბსურდულობისა როგორც საქმის მასალებით, ისე საღი აზრის თვალსაზრისით.
ამ შემთხვევაშიც რატომ არ გაიღებენ ჩვენი მაღალჩინოსნები ხმას. თუ არც ეს ეხებათ?
ეხებათ, როგორ არ ეხებათ, განა არ იციან და არ ესმით, მაგრამ აფხაზეთზე წინ მათთვის საკუთარი კეთილდღეობა და ის ქერის ორმოა, რომელიც მამა-მარჩენალმა უწყალობა. ზემოდან დირექტივის გარეშე ისინი თითს არ გაატოკებენ. დირექტივა კი არ იქნება, რადგან შუშის სასახლეში პუტინი უყვართ.
მალხაზ პატარაია
მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე
მასალის გამოყენების პირობები






