აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.
„დღეს გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული ვალდებულების აღსრულების საკითხი, რომელიც ითვალისწინებს ასეულობით ქართველის ფინანსურ კომპენსაციას.
ჩვენ ვითხოვთ განმარტებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით თუ რა პოლიტკურ/დიპლომატიურ ზომებს იყენებს ჩვენი მთავრობა, და კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო, იმისთვის რომ ევროპის საბჭომ მიიღოს მკაცრი ზომები და უზრუნველყოს ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაცია.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ აღნიშნული სარჩელი 2007 წელს შეიტანა, კომპენსაციის მოთხოვნით, 2006 წელს ათასობით ეთნიკური ქართველის დეპორტაციის საპასუხოდ და ეს არის პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, რომელიც საქართველომ მოიგო ამ სასამართლოში.
მაშინ როდესაც სარჩელის წარმოება დიდწილად დასრულებული იყო საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე, ივანიშვილის მთავრობის მთავარი დავალება ამ მიმართულებით იყო სასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული კომპენსაციის უზრუნველყოფა. თუმცა, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია რა ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით ამ ხელისუფლებამ. დადგა თუ არა, მაგალითად, ეს საკითხი ჟენევის ფორმატის დღის წესრიგში და რა შედეგით.
ვშიშობთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, რომლის ფლირტი პუტინის რეჟიმთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ უკვე არაერთხელ გახდა ცნობილი, ამ საკითხსაც, რომელიც ეხება ჩვენი ასეულობით თანამოქალაქის ფინანსურ ანაზღაურებას, უგულებელყოფს და არ გადადგამს აქტიურ ნაბიჯებს შესაბამისი საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამ ეჭვების გასაქარწყლებლად, ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს, კონკრეტული უწყებებიდან.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






