საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულ კრიზისშია!
,,დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულ კრიზისშია. ყველა განცხადება, რაც მერიიდან კეთდება 2 წლის განმავლობაში, რჩება მხოლოდ განცხადებად და არცერთი ქმედითი ნაბიჯი პრობლემის გადასაჭრელად არ გადადგმულა“ - აცხადებენ ასოციაციაში და იმ რამდენიმე პრობლემატურ საკითხებს მიუთითებენ, რომელიც დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობასთან არის დაკავშირებული.
500 ავტობუსი და 700 000-ზე მეტი მგზავრი. დღეს თბილისს ემსახურება 500-მდე ამორტიზირებული ავტობუსი, რაც საერთოდ არ არის ადექვატური მგზავრთა ნაკადის რაოდენობის. ერთ ავტობუსზე მოდის 1 400 მგზავრი. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქს ემსახურებოდა 500 ავტობუსი 70-80-იან წლებში, როდესაც თბილისის მოსახლეობა არ აღემატებოდა 700 000-ს. დღეს კი, თბილისის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 1 400 000-ს, ანუ ორჯერ უფრო მეტს, შესაბამისად დედაქალაქის მგზავრთა ნორმალურად გადაყვანისთვის საჭიროა ორჯერ უფრო მეტი რაოდენობის ავტობუსი (1000 ერთეული). პრობლემას ართულებს ისიც, რომ თბილისის მერიამ დააგვიანა სატენდერო წინადადების მომზადება და შესაბამისად ავტობუსების შეძენაც, რაც აღნიშნეს კიდევაც EBRD-ის წარმომადგენლება. სამწუხაროდ, ახალი ავტობუსები (170) კი არ დაემატება ძველ ავტობუსებს, არამედ ჩაანაცვლებს სრულიად ამორტიზირებულ ავტობუსებს. საერთო ჯამში კი ავტობუსების რაოდენობა (500) დარჩება უცვლელი და მგზავრებს ისევ მოუწევთ ფეხზე დგომა, ოღონდ მგზავრთა ნაწილს უკვე ახალ ავტობუსში.
თბილისის მეტრო. ძნელია გავიხსენოთ დრო, როდის იდგა თბილისის მეტროსთვის ასეთი მძიმე პერიოდი. პირველი პრობლემა და ყველაზე სახიფათო გახლავთ ესკალატორები, რომელთა უმრავლესობას გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა და წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი მგზავრებისთვის. 50-60 წელია ესკალატორები არ შეცვლილა. არც კი გვინდა იმის წარმოდგენა, თუ რა უბედურება და მსხვერპლი შეიძლება მოიტანოს ესკალატორების მწყობრიდან გამოსვლამ. გამაოგნებელია სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლების სიმშვიდე და უპასუხისმგებლობა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, რომელთა განცხადებითაც ისინი დაკავებულები არიან ესკალატორების შეკეთებით. ჩვენ ავღნიშნავთ, რომ ესკალატორები აღარ ექვემდებარება აღდგენას და ის საჭიროებს შეცვლას. მერიას მიმდინარე წელს გარკვეული თანხა გათვალისწინებული აქვს მეტროს ფასადების მოწესრიგებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ აქაც იჩენს არაადექვატურობას. ფასადი არ არის დღეს მეტროს მთავარი პრობლემა.
ფეთქებადსაშიში მიკროავტობუსები („მარშუტკები“). დედაქალაქს ემსახურება 2 300-მდე მიკროავტობუსი, რომელთა ნაწილიც კუსტარულად გადაიყვანეს გაზზე. გაზზე გადაყვანისას დაირღვა უსაფრთხოების ყველანაირი სტანდარტი. ასეთი ფორმით გადაკეთებული ერთი მიკროავტობუსი აფეთქდა ქალაქ რუსთავში, სადაც საბედნიეროდ არცერთი მგზავრი არ იმყოფებოდა, იმ მომენტში. ასეთი მაღალი სასიცოცხლო რისკის შემთხვევაშიც კი, მერია ვერ აცნობიერებს არსებულ საფრთხეებს.
მდგომარეობას ართულებს თბილისის მერის დამოკიდებულება ტრანსპორტის სექტორში არსებული პრობლემების მიმართ და მისი განცხადებები: „საცობები იყო, არის და იქნება,“ „თბილისში ორმოები აღარ არის,“საცობების წინააღმდეგ ბრძოლას ვიწყებთ ტროტუარეზე პარკირების აკრძალვით,“ „მარშუტკები გაზზე გადაიყვანეს სტანდარტების დაცვით“ და ა.შ.
„დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოსახლეობას ემსახურება, არის არამარტო არაკომფორტული, არამედ არასაკმარისი რაოდენობის და სასიცოცხლო რისკის შემცველიც კი. სამწუხაროა, რომ პრობლემების გადაჭრის სტრატეგია თბილისის მერიას არ გააჩნია. ის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არათანმიმდევრული, გაუთვლელი ღონისძიებებით ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, რაც დადებით შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას თან ერთვის: შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, დაუსრულებელი საგზაო სამუშაოები, კორუფცია კომპანიებში, საცობები და სხვა. დღევანდელი მდგომარეობა ერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს: უმძიმესი!“ - აცხადებს ასოციასიის თავმჯდომარე დათვი მესხიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






