ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა, სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ, იმავე თვეს, სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. 1908 წელს, ნიუ-იორკის ქუჩებში 15 000 ქალბატონი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. შემდეგი წლის ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ქალები მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობას აწყობენ 1913 წლის 8 მარტს.
8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ, კომუნისტებთან ასოციაციის გამო, მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში, ფემინიზმის აღმავლობის ჟამს, ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.
2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ.
ამჟამად, ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო, ყოველი წლის 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაცია „ავრორას“ საიტზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია მხარს უჭერს ქალთა საერთაშორისო დღეს.
მასალის გამოყენების პირობები






