,,საქართველოს ხელისუფლება და მინისტრი კალაძე უკვე 3 წელია ჩვენში ლობირებენ რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია ,,გაზპრომს“. ამას ისინი ხან ენერგორესურსების დივერსიფიკაცით, ხან გაზის მოხმარების ზრდით, ხან კიდევ ოკუპანტთან კონსტრუქციული პოლიტიკის აუცილებლობით ხსნიან.
უკანასკნელი პერიოდის ,,გაზპრომთან“ ჩატრებული გასაიდუმლოებული შეხვედრების ფორმა, სიმრავლე, ინტენსივობა და რაც მთავარია, ურთიერთგამომრიცხავი და უკბილო არგუმენტები, აზერბაიჯანული მხარის დასაბუთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მას უპრობლემოდ შეუძლია, აგრეთვე, საქართველოს ხელისუფლების ოლიგარგიული, რუსული ბუნება, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს მორიგ რუსულ პროექტთან, რომლის მიზანი საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერება და გამტკიცება, სტრატეგიულ პარტნიორთან-აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება და დასავლურ სამყაროსთან დაპირისპირებაა.
ამ ასპარეზზე თავისი უტიფრობით ენერგეტიკის მინისტრი კალაძე გამოირჩევა, რომელსაც, როგორც ჩანს, საკუთარი სარგებლის მიღებაც ამოძრავებს. როდესაც მთელი თავისუფალი სამყაროს სერიოზული სანქციები აქვს დაწესებული აგრესორი რუსეთისათვის და მიზანმიმართულად თავს აღწევს მასზე ენერგოდამოკიდებულებას, საქართველოს მთავრობა ჩვეული თვალთმაქცობით საქართველოს მოსახლეობას აგუებს რუსულ ორიენტაციასა და ოკუპანტის წინაშე ენერგეტიკულ და პოლიტიკურ კაპიტულაციას.
2014 წლის 27 სექტემბერს ქ.თბილისში ჩატარებული აფხაზთა კრების პირველ რეზოლუციაში ,,საქართველოს ევროატლანტიკური კურსისა და უკრაინისადმი სოლიდარობის შესახებ“ ხაზგასმით აღნიშულია, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი დემოკრატიული განვითარება, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პირდაპირ კავშირშია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებასთან და ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანებად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მიიჩნია. 2014 წლის 8 ნოემბერს ზუგდიდში ჩატარებულმა მეორე აფხაზთა კრებამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ხელისუფლება მოსთხოვა რუსეთის მიმართ კაპიტულანტული პოლიტიკის შეცვლა და სრული მასშტაბით შეწყვეტილი დეოკუპაციის კურსის აღდგენა. ამავე დროს, კრებამ ამ მიმართულებით ხელისუფლებას წაუყენა სხვა კონკრეტული მოთხოვნები და მონაწილე ორგანიზაციებს დაავალა ყველა ანტისაოკუპაციო ღონისძიებაში მინაწილეობა რეზოლუციის მხარდაჭერისა და შესრულების მიზნით.
ა.წ. 6 მარტს თბილისში დანიშნულ აქციას ,,არა გაზპრომს!“ ჩვენ განვიხილავთ აფხაზთა კრების ზემოთმითითებული რეზოლუციების ფარგალში სამოქმედო მორიგ ღონისძიებად და მოვუწოდებთ პლატფორმის მონაწილე ორგანიზაციებს, ყველა დასავლურ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალას, ქართულ საზოგადოებას ამ ანტიკოლაბორაციონისტულ და ანტირუსულ თავყრილობაში აქტიური მონაწილეობისაკენ.
არ დავუშვათ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება!
თავისუფლებას აგრესორის წინაშე ლაქუცით ვერ მოიპოვებ, სახელმწიფოს ლაჩრები არ აშენებენ, ქვეყანას ოლიგარქები ვერ უპატრონებენ!
არა გაზპრომს, არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშომლობას!“ - ნათქვამია ,,აფხაზთა კრების“ საორგანიზაიო ჯგუფის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






