"ნიუპოსტთან" საუბრისას ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო დეპოლიტიზირებული უნდა იყოს.
"თავდაცვის მინისტრი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ქვეყნის გეოპოლიტიკურ არჩევანს საკუთარ თავს უკავშირებს ეს ძალიან სახიფათო განცხადებებია. ჯარისკაცების აპელირებით კი ხდება მათი ჩარევა პოლიტიკურ დაპირისპირებაში რაც დაუშვებელია და პრემიერ-მინისტრი ვალდებული იყო გაეფრთხილებინა თავადცვის მინისტრი"- აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ პარტიის წევრობა უნდა შეეჩერებინა.
"თუ გოგი თოფაძის განცხადებები დამაზიანებელი იყო კოალიციისთვის, ხიდაშელის ჰიპერაქტიურობა პოლიტიკური მიმართულებით აზიანებს ქართულ სახელმწიფოს"- აღნიშნა ხუხაშვილმა.
კითხვაზე საჯარო კრიტიკის შემდეგ დატოვებენ თუ არა "რესპუბლიკელები" კოალიციას, ექსპერტმა თქვა, რომ ამ პარტიის ლიდერები ძალაუფლებას შეეჩვივნენ და ნაკლებად სავარაუდოა მათ "ქართული ოცნების" რიგები დატოვონ.
"ნიუპოსტი" ასევე დაინტერესდა, აქვს თუ არა ხიდაშელს საფუძველი ქვეყნის მიერ არჩეულიო პროდასავლური კურსის საფრთხის შესახებ ისაუბროს, როგორც ამას თავის დროზე "თავისუფალი დემოკრატები აცხადებდნენ.
ამ კითხვის კომენტირებისას ხუხაშვილმა თქვა, რომ "ხიდაშელმა მსგავსი შანტაჟით მიხეილ სააკაშვილს მიბაძა".
"სააკაშვილიც ზუსტად იმავეს ამბობდა, როცა გვეუბნებოდა რომ მე თუ არ ვიქნები ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნებაო. იგივე სცენარი გააკეთეს თავისუფალმა დემოკრატებმა, როდესაც მათი ბედი დაუკავშირეს საგარეო ორიენტაციას. იგივეს აკეთებს დღეს თინა ხიდაშელი და მისი გუნდი. ნატო და ევროკავშირი მათი არჩევანი არ არის. ხიდაშელი არ არის გარანტი იმისა, შევალთ თუ არა ევროპულ ოჯახში, ეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანია" - განმარტა "ნიუპოსტთან" საუბრისას გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






