ევროპული კომისიის ანგარიშს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გამოეხმაურა. მისი თქმით, ანგარიშში საკმაოდ პოზიტიურად არის წარმოდგენილი რიგი საკითხები, თუმცა არის კრიტიკაც. მინისტრის თქმით, ევროსაბჭოს შენიშვნები მისაღებია და გასათვალისწინებელი.
როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს-„ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული ერთი მხრივ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და მეორე მხრივ, ის ცვლილებები, რაც ამ კანონს მოჰყვა. თუ არის რამე კრიტიკული, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან ღირებული კრიტიკა და შენიშვნებია, როდესაც ევროსაბჭოს კომისია აკეთებს ასეთ დასკვნებს. ბუნებრივია უნდა ჩავიხედოთ და გავითვალისწინოთ. არიან ქვეყანაში ჯგუფები, არა მხოლოდ პოლიტიკური, საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ განსხვავებულობის წარმოჩენა, დიკსრიმინაციის გაღვივება სიძულვილის ენით საუბარი არის სწორი არჩევანი. მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, პლურალისტულ საზოგადოებაში, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს, რომ არ მოხდეს ასეთი ჯგუფების წახალისება და მეორე მხრივ, თუ ეს გადადის სიტყვის თავისუფლებიდან ძალადობრივ ქმედებაში, ეს ალაგმოს ხელისუფლებამ“, - განაცხადა ხიდაშელმა.
ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საქართველოსთან დაკავშირებით მოხსენება გამოაქვეყნა. როგორც კომისიის დასკვნაშია ნათქვამი მოხსენება ასახავს 2015 წლის 17 ივნისის მდგომარეობას.
ECRI მიესალმება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით განხორციელებულ რეფორმებს თუმცა აცხადებს, რომ კვლავ რჩება გარკვეული საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს.
„სიძულვილის ენა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, ასევე ლგბტ პირების წინააღმდეგ, კვლავ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საქართველოში. ამ ჯგუფებზე ფიზიკური თავდასხმები შემაშფოთებელი სიხშირით ხდება." - აღნიშნულია დასკვნაში.
მასალის გამოყენების პირობები






