ეკა ხოფერიას აკრიტიკებენ. ამის მიზეზი კი ჟურნალ „სითის“ ახალი წამოწყება, რომელიც ქალბატონებს წონაში დაკლებისკენ და პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს. ფეისბუკზე გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეს წამოწყება არ მოიწონა და ამ ყველაფერს თავისი პოსტით გამოეხმაურა. ანა არღანიშვილი წერს: „მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ქალებმა თავისი ტანი ისეთი უნდა შეიყვარონ, როგორიც აქვთ. გარედან თავს მოხვეული სილამაზის ნორმების გამო, ცხოვრების ხარისხი არ გაიფუჭონ და უბედურები არ იყვნენ, მაგრამ ეკა ხოფერიამ გადაწყვიტა, მათ შორის ყველაზე უბედური აღმოაჩინოს და აწუწუნოს, როგორ გასუქდნენ, ათქმევინოს, რომ მახინჯები არიან და მერე ერთ-ერთს საჩუქრად ფიტნესის აბონემენტი გადასცეს. ქალებო, რატომ აკეთებინებთ ამას თქვენზე? ეგ ფიტნესი უშველის თქვენს დავარდნილ თვითშეფასებას და ამდენ დამამცირებელ ემოციას, კომენტარებში რომ გისამძიმრებენ?“
რა თქმა უნდა ამ პოსტის ავტორს ეკა ხოფერიამაც უპასუხა: „ძვირფასო ანა, მგონი, ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ წონაში მომატებული გოგოები და ქალები დაკომპლექსებული და უბედურები არიან. ძალიან ბევრი, ვინც მოგვწერა წარმატებული, ძლიერი და თავისუფალი ქალბატონია. ზოგი დიდ საწარმოს ხელმძღვანელობს, ზოგი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელია, ზოგი მრავალშვილიანი საქმიანი დედა, ზოგს ეს ყველაფერი წინ აქვს. უმეტესობა წერს ირონიით, ყვება საინტერესო ისტორიას და ხალისით ერთვება ამ პროექტში. მოსუქებულები ან მოპუტკუნებულები უბედურები და დაკომპლექსებულები არ ვართ, საკმაოდ მაღალი თვითშეფასება გვაქვს და ვფიქრობთ, თუ გვინდა( და ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია) კიდევ უფრო კარგ ფორმაში ჩადგომა, ამას გავაკეთებთ. სითის შემდეგი ნომერი კი ძლიერ ქალებზეა, ვინც სწორედ დამოუკიდებლად შეძლო კარიერის გაკეთება და საერთოდ აკეთებს იმას, რაც უნდა. რა რა და მე ქალების უფლებების დამაკნინებლად ვერ გამომიყვანთ და სწორედ თქვენნაირი ძლიერი და თაისუფალი ადამიანებისთვის ვაკეთებ ამ ჟურნალს. მადლობა გამოხმაურებისათვის და გვისურვეთ წარმატწბები) P.S. საჩუქრად აბონიმენტი არ იქნება. ბევრად უფრო დიდი გეგმები გვაქვს წინ“.
ანა არღანიშვილის პოსტზე პასუხს არც თაკო დოლაბერიძემ აარიდა თავი და მან საკუთარი მოსაზრება გაუზიარა სოციალური ქსელის მომხმარებელს. მოგვიანებით კი საკუთარი ფოტო ატვირთა, სადაც გამოსახულია როგორი იყო წლების წინ და როგორია ახლა. „ნეტა რომელი მოეწონებოდა?“- აი სწორედ ასე ასათაურებს ის ფოტოს.
„მე ვიყავი ერთ-ერთი მსუქანი ვინც ვიძახოდი, რომ სიმსუქნე არაა პრობლემა, მაგრამ პრობლემაა და თან დიდი იმიტომ, რომ სიცოცხლესთანაა კავშირში. ეკა ხოფერიას მადლობა რომ ზრუნავს ამ ადამიანებზე. უბედურება ყველას გაშოროთ ღმერთმა მაგრამ სიმსუქნე დაავადებაა და ნურავინ ნუ შემედავება“- წერს თაკო დოლაბერიძე ფეისბუკის პირად გვერდზე.


მასალის გამოყენების პირობები






