როგორც ალასანიამ "ტვ.პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ქვეყანაში სრული განუკითხაობაა.
"ეს თავზარდამცემი ამბავია, რომელიც ცხადყოფს რომ ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა. როცა ხორციელდება თავდასხმა პარტიის პოლიტიკურ მდივანზე, ლაჩრული ჩასაფრებით 5 ჭრილობა მიაყენეს, ეს მეტყველებს, რომ ქვეყანაში ყველა მოქალაქე არის დაუცველი"- განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით ეს იყო მკვლელობის მცდელობა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა მომხდარზე წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავა.
"მესმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, მაგრამ მე ვერ მივცემ ჩემ თავს ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთო. შეიძლება, გამოძიება წავიდეს ნებისმიერი მიმართულებით. ჩემი თხოვნაა ხელისუფლებისა და შსს-სადმი რომ ძალ - ღონე არ დაიშურონ იმისთვის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინონ, როგორიც არ უნდა იყოს ის. ფაქტია, რომ პარტიის ერთ-ერთ მთავარ ლიდერზე მოხდა თავდასხმა. დღეს, მეორეჯერ გარდაიცვალა ლევან მიქელაძე, როცა მის საფლავზე მის მეგობარს ასე გაუსწორდნენ. ეს არის პარტიის მიმართ დიდი თავდასხმა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევა... იმედია, გამოძიება ძალიან სწრაფად დაადგენს ლაჩრული მკვლელობის მცდელობის შემსრულებლების ვინაობას. უნდა დავფიქრდეთ, რა ქვეყანას ვაშენებთ და სად არიან ის ორგანოები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. როცა ასე უსწორდებიან პოლიტიკოსს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ზომების მიღება რათა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ დაცული არიან"- აღნიშნა პარტიის ლიდერმა.
ირაკლი ალასანიამ ყველა იმ პოლიტიკოს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს. ჟურნალისტმა ალასანიას ბუკა პეტრიაშვილის მეუღლის, ეკა მიშველაძის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადება შეახსენა, სადაც ის თვალთვალზე საუბრობდა.
"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ არის დაცული. ასე იყო სააკაშვილის დროს და ასეა ივანიშვილის დროსაც. ჩვენამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობდა ფარული ჩანაწერების კეთება. მხოლოდ ძალოვან უწყებებს აქვთ რესურსი ასეთი ჩანაწერების გაკეთების და მგონია, რომ გამოძიება ამით უნდა დაინტერესდეს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ამ მკვლელობის მცდელობით, სააშკარაოზე გამოვიდა ის, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკოსების მიმართ ხელისუფლების და სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და არ დავკმაყოფილდებით სანამ არ მივიღებთ პასუხებს" - განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






