„არც თუ ისე დიდი ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატებმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს და მოითხოვეს მათთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. მიმართვას ხელს აწერს სსრ უზენაესი საბჭოს 20 ყოფილი დეპუტატი.
საქართველოს პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად მიმართა უზენაესი საბჭოს 171 წევრმა, 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის 138 წევრმა, 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტის 177 წევრმა, 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის 164 წევრმა, 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის 139 წევრმა და 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის 53 წევრმა.
1990-2016 წლებში ყოფილ პარლამენტის წევრებზე გაცემული პენსიის ჯამური ოდენობის მოთხოვნის პასუხად, პარლამენტის აპარატმა ინსტიტუტს განუმარტა, რომ პარლამენტის ყოფილი წევრისთვის სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნას ახორციელებს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო და შესაბამისად აღნიშნული მონაცემები მათ არ გააჩნდათ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით 2008 წლის ივნისიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებზე სახელმწიფო კომპენსაციისათვის საჭირო თანხამ სულ შეადგინა 32 695 081 ლარი. ყოველწლიურად პარალმენტის ყოფილი წევრების კომპენსაციისათვის განსაზღვრულია დაახლოებით 4 მილიონ ნახევარი ლარი.
საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“, რომელიც 2011 წლის 31 მაისს იქნა მიღებული, მიზანია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოფხვრა, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი პროპაგანდის საშუალებების აკრძალვა, პირთა გამოაშკარავება, რომლებიც თანამშრომლობდნენ სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან და მათთვის კანონით განსაზღვრული სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა (ლუსტრაცია).
შესაბამისად ორაზროვან სურათს მივიღებთ მაშინ როდესაც - ერთის მხრივ, კანონმდებლობით ვგმობთ ტოტალიტარულ საბჭოთა რეჟიმს და მათგან დევნილ ადამიანებს ვაღიარებთ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, ხოლო ამავდროულად, ვიწონებთ საბჭოთა რეჟიმის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხს. დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში არ უნდა ჰქონდეს ადგილი ორაზროვნებას. არჩეული უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენის, საბჭოთა წარსულის დაგმობის და დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების გზა.
ვფიქრობთ, რომ მიუხედავად ინიციატივის ხელმომწერთა ნაწილის უდავო დამსახურებისა საქართველოს კულტურის, მეცნიერებისა თუ სპორტის სფეროების განვითარების კუთხით, ერთპარტიული „არჩევნების“ გზით საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრობისთვის ფულადი კომპენსაცია ვერც ზნეობრივად და ვერც სამართლებრივად გამართლებული ვერ იქნება.


მასალის გამოყენების პირობები






