საქართველოს ოკუპაციის 95 წლისთავზე, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მივიდა.
თავდაცვის მინისტრმა კი 25 თებერვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს დღე ყველას უნდა გვახსოვდეს, რათა აღარასდროს დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშები. „დღეს ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე და მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ძალიან სერიოზული შანსი აქვს საქართველოს, დაბრუნდეს საკუთარ ევროპულ ოჯახში. ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ასეთი დღეები, როდესაც უნდა გვახსოვდეს, აღარ დავუშვათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხოლოდ ისტორიის ტრაგიკული კუთვნილება იყოს 25 თებერვალი,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
„ძალიან მიხარია, რომ ის პატივი, რაც ეკუთვნით ჩვენ გმირებს, ხალხში უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ იუნკრების სახელის ქვეშ, ზოგადად, უნდა იგულისხმებოდეს, ის ეროვნული გვარდიელი, შეიარაღებული ძალების მებრძოლიც და მოხალისეც, რომლებმაც თავი დადეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. მიხარია, რომ ქართველებს გვაქვს ასეთი ადგილი ტაბახმელაში, სადაც შეგვიძლია მოვიდეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი გმირები,“ - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






