საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის მოსაზრებით საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როდესაც თავად ნატო იქნება მზად ამისთვის. აღნიშნული განცხადება დიპლომატმა გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში გააკეთა:
"საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი და მესამე მხარეს ვეტოს უფლება არ აქვს ამ გადაწყვეტილებაზე. საქართველო აქტიურადაა ჩართული ნატოს სხვადასხვა პროგრამასა და მისიაში და ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ რეფორმები გააგრძელოს და ორგანიზაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს.
დამიჯერეთ, მე კარგად ვიცი ნატოს სუსტი და ძლიერი მხარეებიც, რადგანაც ამ ორგანიზაციაში 3 წელი ვიმუშავე. სისუსტე ალბათ ისაა, რომ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა, 28 წევრის თანხმობაა საჭირო, რაც არ არის მარტივი პროცესი. მაგრამ არსებობს ძლიერი მხარეც - თუ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალიანსი ამას მტკიცედ დაიცავს."- განაცხადა ელჩმა.
იან კელიმ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რუსეთის ფაქტორზეც ისაუბრა:
"საქართველოს მეგობრებს კარგად ახსოვთ 2008 წელი, როდესაც ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში რუსეთის აგრესია განხორციელდა. ამიტომაც არ სურთ ქვეყნის კიდევ ერთხელ რისკის ქვეშ დაყენება.
ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რაც გვაქვს - რეალობა კი ისაა, რომ საქართველოს საერთო საზღვარი აქვს თავის ჩრდილოელ მეზობელთან.
მე არ მინდა ვისაუბრო მთელი ნატოს სახელით, მაგრამ აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი და ამ მიზნის პრაქტიკულ რეალიზებისათვის ბევრს ვაკეთებთ, როგორც აქ ადგილზე, ისე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისასაც."- აღნიშნა იან კელი.
წყარო "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






