მეტი კონკრეტიკისთვის, რუსული კომპანია, „coral travel -ი“ , რომელიც ქართულ ბაზარზე 2 წელიწადზე მეტია ოპერირებს, მის ოფიციალურ საიტზე (http://coral.ru/) აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენიებს და ტურებსაც აქტიურად ყიდის.http://coral.ru/abkhazia.
„ნიუპოსტისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოში მოქმედმა რუსულმა კომპანიებმა რუსეთის ხელისუფლებისგან მიიღეს პირდაპირი დავალება, რომ აფხაზეთი, ყირიმი და სოჭის რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყანათა სიაში შეეყვანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრემლი მათ პრობლემებს შეუქმნიდა.
„ვესაუბრე მოსკოვში ყოფილ კოლეგებს, ხელისუფლების დავალებააო, აფხაზეთი, ყირიმი და სოჭის რეგიონი, ვისაც არ ექნება ტურები არ ელის კარგი დღეო. ამით აპირებენ თურქეთის აკრძალვის კომპენსირებას და თან ამ რეგიონების გაპიარებას - ესაა კრემლის პოლიტიკა!“ - გვეუბნებიან ქართული ტურ-ოპერატორების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ კომპანიამ, რომელიც საქარველოს გვერდის ავლით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობას ეწევა, უნდა დატოვოს საქართველოს ბაზარი.
რა პასუხი აქვს ქართულ მხარეს და არის თუ არა ეს ოკუპაციის შესახებ, კანონის უხეში დარღვევა - ამის გარკვევას „ნიუპოსტი“ ტურ -ოპერატორებთან, სამართალმცოდნეებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეეცადა.
„ეს არ არის მხოლოდ „coral travel -ი“. თითქმის ყველა რუსული კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს, აპიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას და ტურებს ყიდის მათ ოფიციალურ გვერდებზე აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა მოხსენიებული. ეს არის რუსეთის ხელისუფლების პირდაპირი დავალება. პუტინის რუსეთს წნეხის ქვეშ ჰყავს მთელი ეკონომიკა ბუნებრივია ეს რუსული კომპანიებიც“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ კომპანია „travel tour”- ის დამფუძნებელი სიკო გეგიაძე.
მისი თქმით, კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს და ამ ქვეყანაში აკეთებს ბიზნესს, მან პატივი უნდა სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
გეგიაძე იქვე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსული კომპანიების წინააღმდეგ ბერკეტი არ გააჩნია, რადგან საქართველოს ბაზარზე ბიზნესის რეგისტრაცია არ ხდება, მათ შორის ლიცენზირება.
„ეს არრის ძალიან ცუდი, დღეის მდგომარეობით ყველა კომპანიას, რომელიც არ არღვევს საქართველოში მოქმედ კანონს, შეუძლია დაიწყოს ოპერირება ჩვენს ქვეყანაში. თითქოს ეს ფაქტი კორუფციის აღმოფხვრასთან არის დაკავშირებუილი, ასევე ემსახურება იმას რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი, მაგრამ ხელისუფლებას რაღაც ბერკეტი უნდა გააჩნდეს, მავნებლური პოლიტიკის შესაჩერებლად, სამწუხაროდ, დღეს მოქმედი კანონით, ეს ბერკეტი ქართულ მხარეს გამოცლილი აქვს. მსგავს კომპანიებს ისინი ოპერირებას ვერ აუკრძალავენ, ვერც სანქციას დაუწესებენ“ - აღნიშნა რესპოდენტმა.
გეგიაძე სხვა ქართულ კომპანიებს მოუწოდებს დადგნენ ქართული სახელმწიფო ინტერესების მხარეს და არ გაყიდონ "coral travel" - ის პროიდუქცია.
იგივე პოზიციას იზიარებს “turi.ge”. კომპანიის წარმომადგენელი მამუკა ჯიქია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ისეთ კომპანიასთან ურთიერთობა, რომელიც ცალკე კანყენებულად აქვს დაფიქსირებული აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
„ამ ფაქტმა ძალიან მძაფრი რეაქცია გამოიწვია ყველა ქართული კომპანიის წარმომადგენლებში, ვინც ამ ინფორმაციას გაეცნო. ჩვენ „coral travel -ის“ წარმომადგერნლობას, რომელსაც თბილისში აქვთ ოფისი ძალიან კარგად ვიცნობთ და ისიც კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილება კომპანიას არ მიუღია და აქ პოლიტიკურ ჩარევას ჰქონდა ადგილი.მსგავს პოლიტიკას რეგიონალური ოფისები ვერ განსაზღვრავენ - ეს არის სათაო ოფისიდან წამოსული დირექტივა“ - აღნიშნა მამუკა ჯიქიამ.
სამართალმცოდნე ირაკლი კობიძე „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამეწარმეო საქმიანობა ზოგადად აკრძალულია და ამგვარი აქტივობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს. ამგვარი სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელია საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობა.
„თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება მთავრობის ნებართვის და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინტერესების გარეშე, იგი ითვლება უკანონოდ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის წინააღმდეგ მთავრობა ვალდებულია მიმართოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ სანქციების გამოყენების მიზნით. ამასთან, ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს გამოძიება და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე იმ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვეყნის ინტერესებთან შეუსაბამო უკანონო უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს“- განუცხადა „ნიუპოსტს“ კობიძემ.
რაც შეეხება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ჩვენთან საუბარში მათმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების შემთხვევაში ადმინისტრაცია საქმის კურსში აყენებს საგარეო უწყებას. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ,,ნიუპოსტის" მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, ჯერ კიდევ მსჯელობს. უწყების ინფორმაციით, ორი დეპარტამენტი გადაწყვეტს, რა სახით უპასუხოს სკანდალურ ინფორმაციას. საგარეო უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ბუნებრივია ჩვენ „coral travel - ს“- დაუკავშირდა, კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადება მიზანმიმართულად არ მომხდარა.
„ეს არის ინფორმაცია, რომელიც შცდომით დაწერა ჩვენმა ადმინისტრატორმა. რაც შეეხება აფხაზეთში ტურების გაყიდვას, ამას აკეთებენ სხვა ქვეყნის ტურ -ოპერატორები. იგივე ხდება უკრაინაში თურქეთში და სხვაგან. ამაში ახალი არაფერია“- გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, „coral travel -ი არ არის რუსული კომპანია და შესაბამისად კრემლის დავალებაც გამორიცხა.
„ჩვენი კომპანია არის თურქული და არა რუსული“- თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ , „coral travel „- ის 2 უდიდესი კომპანია სწორედ რუსეთშია ბაზირებული.
„coral travel - ი" ერთადერთი არ არის, რომელიც ტურისტებს აფხაზეთში წასვლას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში ისე სთავაზობს. ამავე პრინციპით მოქმედებს „პეგას ტურისტიკი“-ც. მიუხედავად იმისა, რომ „პეგას ტურისტიკის“ ქართული წარმომადგენლობის ვებგვერდზე არც აფხაზეთია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენებული და არც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტურების შეთავაზება, განსხვავებული სურათი გვხვდება მათ ჩელიაბინსკის ოფისის ვებგვერდზე. სადაც არა მარტო აფხაზეთია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებული, არამედ მის შესახებ მოკლე პოლიტიკურ და გეოგრაფიულ მიმოხილვასაც იხილავთ. http://pegast-74.ru/


მასალის მომზადებისას „ნიუპოსტმა“ კიდევ ერთი რუსული კომპანიის შესახებ გაარკვია, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოსვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
„tez-tour“ - ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც ტურების ჩამონათვალში ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყანათა სიაში ჰყავს შეყვანილი. (http://tez-tourspb.ru/akzii/tury-v-abxaziyu-s-vklyuchennym-pereletom-iz-sankt-peterburga.php)

დავით ჯაბაშვილი
ნიუპოსტი



მასალის გამოყენების პირობები






