გზები, ტანმაღალი ხეები, ბიუჯეტი, საკადრო გადაადგილებები - მთავრობის სხდომა მერიაში
პოლიტიკა - 12:15, 24 Feb, 2016     2150
თბილისის მერიაში გამართულ დედაქალაქის მთავრობის მორიგ სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე ისაუბრა. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარმომადგენლობით ორგანოს წარედგინება საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ბიუჯეტი 2015 წელს გადაჭარბებით შესრულდა და 101% შეადგინა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებელმა, ათვისების - 97%. ბიუჯეტის შესრულების მსგავსი მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.

ხარჯების ძირითადი ნაწილი მიმართული იყო როგორც ჯანდაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე. თბილისის მერის განცხადებით, 2015 წელს ბიუჯეტის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთიდან თანხები მიმართული იქნება როგორც კეთილმოწყობის სამსახურის სამუშაოებზე, ასევე, ისეთი მასშტაბური პროექტების დასაფინანსებლად, როგორიცაა: მეტროს მოდერნიზაცია, ქალაქში ახალი სანათი წერტილების მოწყობა, ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა, სტიქიასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება და ა.შ.

მეორე საკითხი, რაზეც დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა, 2015 წელს მერიის მიერ ჩატარებული ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომია იყო. 2015 წელს ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 20 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, როდესაც 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 13 მლნ ლარამდე იყო. 2015 წელს დედაქალაქის მერიამ, წინა წელთან შედარებით, რაოდენობრივად 26%-ით მეტი ტენდერი გამოაცხადა. ამასთან, 2015 წელს ტენდერით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა თანხობრივად, ჯამური მოცულობით, წინა წელთან შედარებით, 42%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2015 წელს, ტენდერის შედეგად დაიდო 118 911 383 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 83 512 000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული მიუთითებს, რომ, წინა წელთან შედარებით, 2015 წელს მეტი მომსახურება განხორციელდა და მეტი პროექტი დასრულდა წარმატებით.

„სატენდერო პირობებში, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი და მკაფიო აქცენტი კეთდება ტენდერში მონაწილე კომპანიების გამოცდილებაზე და შესაბამისად, კონკურენცია იზრდება, რამაც მოგვცა გარანტია იმისა, რომ მერიის მიერ შესყიდული მომსახურება იყო ხარისხიანი და შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია მდგომარეობა ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენის ნაწილში, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს თბილისის მერი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც დედაქალაქის მერმა ისაუბრა, გზების კაპიტალური შეკეთება იყო. დავით ნარმანიას განცხადებით, პროცესი უკვე დაწყებულია და 6 მლნ-ანი ხელშეკრულების ფარგლებში, სამუშაოების მწარმოებელი კომპანია პირველ ეტაპზე კაპიტალურად გააკეთებს სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელ გზას, ასევე, განახორციელებს წავკისში 1კმ-მდე სიგრძის გზის (რომელიც თბილისი-კოჯრის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთია), დიდუბის რაიონში აგლაძის ქუჩისა და კრწანისის რაიონში მდებარე ღოღობერიძის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას. წლის ბოლომდე კი დედაქალაქის მასშტაბით სამუშაოები სხვა ქუჩებზეც განხორციელდება.

დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურს, ტრადიციულად, სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებასთან დაკავშირებით, მკაცრი კონტროლი დაავალა.

ამასთან, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დავალება მისცა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, დაგეგმილი გამწვანებითი ღონისძიებების შესახებ უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაციის მომზადებისა და საზოგადოებისთვის წარდგენის შესახებ .

„მინდა გითხრათ, რომ შარშანდელის მსგავსად, ჩვენ წელსაც საკმაოდ მასშტაბურ გამწვანებით ღონისძიებებს ვგეგმავთ. უკვე შერჩეულია ტერიტორიები, სადაც დავრგავთ მოცულობითი რაოდენობის ნერგებს, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე, ოქროყანის მიმდებარედ არსებული ტერიტორია, სადაც მოიჭრა გამხმარი და დაავადებული ხეები და ახლა დაიწყება ტყის აღდგენითი ღონისძიებები. დაირგვება როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები. რაც შეეხება ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, მნიშვნელოვანია, რომ მაგისტრალების გასწვრივ, სკვერებსა და პარკებში დაირგვება ტანმაღალი ხეები,“ - განაცხადა თბილისის მრმა.

ოპტიმიზაციის, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისა და საკადრო რესურსების ეფექტურად გადანაწილების მიზნით, მერიაში დაწყებული გარკვეული გადაადგილებები იყო კიდევ ერთი თემა, რაზეც დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა.

„ცვლილებები მერიის სტრუქტურაში ამჟამადაც გრძელდება და მე მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, რომ მოამზადონ სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში და აღნიშნული ინფორმაცია დეტალურად გავაცნოთ როგორც ქალაქ თბილისის საკრებულოს, ასევე, საზოგადოებას. პროცესი წარიმართება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად, რათა მომავალში აღნიშნული საკითხი ჩვენი ოპონენტების მხრიდან არ იქცეს სხვადასხვა სახის სპეკულაციის საგნად და საზოგადოება არ იქნეს შეცდომაში შეყვანილი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42