„სამართლებრივი დავა ოპოზიციურ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით იწვევს შეშფოთებას გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით”- ნათქვამია ანგარიშში.
AMNESTY INTERNATIONAL-ის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, რომ "ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქმე რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ ყოფილმა მფლობელმა, ხელისუფლების კარნახით წამოიწყო და ის ოპოზიციისთვის აზრის გახმოვანების მთავარი საშუალების ჩამორთმევას ისახავდა მიზნად.”
დოკუმენტში ნახსენებია გიგი უგულავას საქმეც.
ანგარიშში ნათქვამია, რომ არსებობს ბრალდებები სასამართლო სისტემაზე პოლიტიკურ ზეწოლასთან და შერჩევით სამართალთან დაკავშირებითაც. ეს ბრალდებები განსაკუთრებით საყურადღებოა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მეორე დღეს კვლავ დააპატიმრეს.
"მიღებული გადაწყვეტილების გამო მოსამართლეები მთავრობის ლიდერების მხრიდან მკაცრი კრიტიკის, ხოლო მთავრობის მხარდამჭერი ჯგუფების მხრიდან დაშინებისმხვერპლნი გახდნენ" - წერია დოკუმენტში.
"წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ წამქეზებელი განცხადებები გააკეთა, პოლიტიკური დაძაბულობა გაიზარდა. გამოქვეყნდა ციხეში გაუპატიურების ამსახველი ფარული კადრები და გამჟღავნდა ყოფილ პრეზიდენტსა და ოპოზიციურად განწყობილ ტელეკოპანია "რუსთავი 2"-ის მმართველებს შორის კავშირი. "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ოფისს ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკური მოტივებით ხალხი დაესხა თავს. დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის 30 პროცენტით გაუფასურებამ კი არაერთი ოჯახი დააზარალა, რომლებსაც წინა წლებში სესხები ჰქონდათ აღებული, გაიზარდა ეკონომიკური არამდგრადობა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება შეიზღუდა. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების კუთხით პრობლემები ორ მიძინებულ კონფლიქტთან დაკავშირებით კვლავ არსებობს"- ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცველების მიერ მშვიდობიანი შეკრებების შეზღუდვისა და მათი დაშლის ფაქტებზე.
"იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლიციამ უკანონოდ შეზღუდა ან აღკვეთა მშვიდობიანი შეკრება, მაშინ როდესაც რამდენიმე შემთხვევაში მათ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეტაკებების პრევენცია ვერ შეძლეს. 15 მარტს "ქართული ოცნების" დაახლოებით 50 მხარდამჭერი ძალის გამოყენებით შეიჭრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში - ზუგდიდში ხის ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა ოფისში და ფანჯრები ჩაამსხვრია" - წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი ლგბტ თემის წევრების უფლებების მხრივ არსებული ვითარება.
"ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღემ 17 მაისს მშვიდობიანად ჩაიარა, ხელისუფლებამ უარი თქვა ღონისძიების უსაფრთხოების გარანტირებაზე, ვიდრე იგი კონკრეტულ ადგილას, წინასწარი დაანონსების გარეშე არ ჩატარდა" - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






