სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ბრიფინგზე, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ის სისტემა, რომლითაც მოსამართლეების დანიშვნა ხდება.
მისი თქმით, მოსამართლეების დანიშვნა ან არ დანიშვნის უკან ადამიანების ან გარკვეული ჯგუფების ინტერესები დგას.
ახვლედიანი ასევე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს მოსამართლეთა კლანური ჯგუფები, თუმცა მათი დასახელებისგან საქალაქო სასმართლოს ყოფილმა ხელმძღვანელმა დღეს თავი შეიკავა.
მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება იყო მთავარი თემა უმრავლესობასა და უმცირესობაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ ფაქტი სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების ნიშანია.
ირმა ნადირაშვილი მომხდარს ყოფილი პრემიერის ინტერესებს უკავშირებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია განახორციელოს სრული კონტროლი სასამართლოზე.
“ მოსამართლე, რომელიც აყენებდა პრობლემებს, გადააყენეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, ახვლედიანი საუბრობდა იმაზე, რომ დაბრუნდა კორუფცია, მან ილაპარაკა, რომ ხდებოდა ტესტების გაყიდვა პირდაპირ. იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო ამ ფაქტების გამოძიება ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც მომსამართლე, რომელიც საუბრობდა განსხვავებულად, აყენებდა პრობლემებს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, გადააყენეს თანამდებობიდან. ეს ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში არის ძალიან დიდი პრობლემები, ეს ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილმა ერთადერთი მოტივით, რომ განახორციელოს სრული კონტროლი სასამართლოზე“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
განსხვავებულია "ქართული ოცნების" წევრთა განცხადებები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიშვილი მამუკა ახვლედიანის გადაყენებაში პოლიტიკურ ინტერესს ვერ ხედავს.
მისი თქმით, ახვლედიანის გადაყენება სასამართლო კორპუსის გადაწყვეტილებაა.
უმცირესობა ცდილობს, ყველაფერი მართველი გუნდის პოლიტიკურ სურვილებს დააბრალოს. „ეს ასე არ არის. სასამართლო დამოუკიდებელია, თავად იღებს გადაწყვეტილებას და ამ შემთხვევაში ეს არის საასამართლო კორპუსის გადაწყვეტილება“ -აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ახვლედიანის გადაყენებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებად აფასებსადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბასელიაც.
“ეს არის იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების შინაარსობრივ შეფასებაში პარლამენტი როგორც საკანონმდებლო ორგანო არ უნდა ჩაერიოს იმიტომ, რომ ეს არის სასამართლო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, - მიიჩნევს ბესელია.
თავის მხრივ მამუკა ახვლედიანი გაჩუმებას არ აპირებს და ამბობს რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.
„აქ ბრძოლა არ მთავრდება პირიქით, იწყება,“ - ამბობს იუსტიციის საბჭოს 12 წევრის მიერ გათავისუფლებული მამუკა ახვლედიანი.
მარიამ კალანდაძე
მასალის გამოყენების პირობები






