კურსმა, რომლის სრულად გავლის შემთხვევაში, სერტიფიკატის მიღებაა შესაძლებელი, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია: ერთი კვირის მაგივრად ორგანიზატორებს რეგისტრაციის დასრულება 24 საათში მოუწიათ.
ლექციებს ცნობილი პოლიტოლოგები, ისტორიკოსები და დიპლომატები წაიკითხავენ: პროფ. დავით პაიჭაძე, ისტორიკოსი პაატა რამიშვილი, ეკონომისტი ბადრი გელიტაშვილი, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი, ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ვასილ სიხარულიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ნინო ნაკაშიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, დეპუტატი და პოლიტოლოგი გიორგი კანდელაკი.
პოლიტიკური მეცნიერებების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით სწავლის და დისკუსიის ხელშეწყობა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. 19 თებერვლიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიხსნება ლექციების სერია, რომელიც მეოცე საუკუნის პოლიტიკურ ლიდერობას მიეძღვნება. პოლიტიკას პიროვნებები ქმნიან, ხშირად მთელი ეპოქა ჩვენთვის რომელიმე პოლიტიკური ლიდერის სახელთანაა ასოცირებული.
ასწლეულის 10 ყველაზე ცნობილ და გავლენიან პოლიტიკოსს შორის, რომელთა შესახებ ამ პროექტში ვისაუბრებთ, არიან უინსტონ ჩერჩილი, თეოდორ რუზველტი, ქემალ ათა თურქი, შარლ დე გოლი, მარგარეთ ტეტჩერი, კარლ გუსტავ მანერჰაიმი, რონალდ რეიგანი, გოლდა მეიერი, ლი კუან იუ, ვაცლავ ჰაველი.
ლექციების ციკლი შესაძლებლობას გვაძლევს სიღრმისეულად გავეცნოთ მათ პირად და პოლიტიკურ ბიოგრაფიას, განვიხილოთ ის ნაბიჯები და გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, დავსვათ კითხვები ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
მასალის გამოყენების პირობები






