როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, 2014 წლის 12 დეკემბერს, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) დააკავეს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. გიორგი კლდიაშვილი 72 საათის განმავლობაში იყო უკანონოდ დაკავებული, რის შემდეგაც, 2014 წლის 14 დეკემბერს, ის წინა-სასამართლო სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული იქნა სასამართლო დარბაზიდან.
2015 წლის იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეწყდა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, დადგინდა რა, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენდა დანაშაულს გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
2015 წლის 10 თებერვალს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო დაკავებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 2015 წლის 23 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით შსს-სა და მთავარ პროკურატურას დაეკისრათ სოლიდარული პასუხისმგებლობა - 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 1180 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ. შსს-მ და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენა 2016 წლის 22 იანვარს ჩატარდა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურისა და შსს-ს სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ აპელანტებმა საკუთარ სარჩელში „ვერ შეძლეს გაექარწყლებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება“.
მასალის გამოყენების პირობები






