მოსამართლეთა კონფერენცია საზოგადოებას, ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს მიმართავს
სამართალი - 18:46, 01 Feb, 2016     1458
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საზოგადოებას, ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს მიმართავს. როგორც მიმართვაშია ნათქვამი მოსამართლეთა წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს და არის საბჭოს საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობებიც, რომელსაც თან ახლავს მოსამართლეებისადმი სიძულვილის თესვა, დროულად უნდა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოუსწორებელი ზიანი მიადგება მართლმსაჯულების სისტემას, მიმართვას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, როგორც სასამართლო ხელისუფლების თვითმმართველობის ორგანო, რომელიც გამოხატავს საქართველოს მოსამართლეების საერთო აზრსა და პოზიციას, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო სექტორს მიმართავს:

გვწამს და გვჯერა, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო დღეს ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოებისა და თვით სასამართლო ხელისუფლების უწინარესი საზრუნავია. ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს მოსამართლეები განზე დგანან ან განზე დარჩებიან ამ მიმართულებით მოძრაობის გზაზე. უფრო მეტიც, ბოლოდროინდელი მოვლენები ჩვენთვის აშკარას ხდის, რომ დღეს სწორედ სასამართლომ უნდა იკისროს ავანგარდის როლი და არა თუ არავის დაანებოს სასამართლოს ჯერ კიდევ მყიფე დამოუკიდებლობის ნგრევა, არამედ კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს, უფრო გაძლიერდეს და რეალურად გახდეს ხელისუფლების სხვა განშტოებათა თანასწორი. მხოლოდ ამ გზით შეძლებს ის, ღირსეულად უპასუხოს უმთავრეს გამოწვევებს, იმოქმედოს დამოუკიდებლად და შესაბამისი პასუხისმგებლობით, განახორციელოს სამართლიანი მართლმსაჯულება და მოიპოვოს ხალხის ნდობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართულმა მართლმსაჯულებამ, ისევე როგორც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ, რთული გზა განვლო. ეს იყო თავდაცვითი და სამოქალაქო ომების, გადატრიალებებისა და რევოლუციების, სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების, დამქანცველი აქციების, სულიერი თუ მორალური დაძაბულობის, საყოველთაო ნიჰილიზმის თუ სამართლიანობისათვის ბრძოლის ურთულესი ხანა. ყოველივე ამან დიდი დაღი დაასვა მართლმსაჯულებას. ცალკეული პოლიტიკური ძალები ყოველთვის ცდილობდნენ სასამართლო თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისათვის დაექვემდებარებინათ. გადავიტანეთ არაერთი ზეწოლა, მოსამართლეთა დევნა, მოსამართლეთა მიმართ სიძულვილის თესვა, სასამართლოს დაშინების მიზნით მოსამართლეთა ფიტულების დაწვა, სხვა ათასგვარი ხერხითა და გზით ჩვენი უფლებების შელახვა ან იგნორირება. ყოველივე ამას თან ახლდა არასრულფასოვანი კანონმდებლობა, მოსამართლეთა დისკრეციის ფარგლების უკიდურესი შეზღუდვა, ბრალდების მხარის სამართლებრივად დომინანტურ მდგომარეობაში ჩაყენება და გაუსაძლისი სამუშაო დატვირთვის პირობებში ყოფნა.

ცხადია, ქართული მართლმსაჯულება ყოველთვის ვერ უმკლავდებოდა ამ სირთულეებს, ყოველთვის ვერ იდგა სათანადო სიმაღლეზე და ვერ ახორციელებდა უზადო მართლმსაჯულებას. ამ მიზეზთა გამო, დღეს, მეტად თუ ნაკლებად, ყოველი ჩვენგანის მიმართ შეიძლება საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო პრეტენზიების წამოყენება დაშვებული შეცდომებისა თუ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც უსამართლოდ იყო მიჩნეული საზოგადოებისა თუ ცალკეული დაინტერესებული მხარეების მხრიდან.

ყველა ამ საფუძვლიან თუ უსაფუძვლო კრიტიკას ვიღებთ, მას მთელი შეგნებითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვითარების გაუმჯობესებას ვცდილობთ. მაგრამ, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამიერიდან უდრტვინველად შევეგებებით სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობებს, ვისგანაც არ უნდა წარმოდგებოდეს ის.

საბედნიეროდ, გადაიდგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი სასამართლოს ინსტიტუციური და მოსამართლეთა პერსონალური დამოუკიდებლობის გასამყარებლად. სასამართლოს დამოუკიდებლობა მართლაც ხდება პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობა, პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურის განუყოფელი ნაწილი. საქართველოს მოსამართლეებს პირველად მიეცათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევისა და იმის შესაძლებლობა, რომ საბჭოში სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი სასამართლო კორპუსის ხედვები მართლმსაჯულების წინაშე არსებული პრობლემების დაძლევის საკითხებზე. ამან, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გაზარდა საბჭოსადმი მოსამართლეთა კორპუსის ნდობა, ხოლო მეორე მხრივ კი შექმნა იმის წინაპირობა, რომ ყოველგვარი სიახლის დანერგვა ძალდატანების მეშვეობით კი არ ხორციელდებოდეს, არამედ მოსამართლეთა კორპუსთან თანხმობის მიღწევით.

ამ უაღრესად დადებითი ტენდენციის მიუხედავად, იმავდროულად შეინიშნება საპირისპირო და ნეგატიურიც - სასამართლო ჩაბმულ იქნეს პოლიტიკურ პროცესებში, მოხდეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაცია, ხოლო ყოველივე ეს გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური მიზნებით წინასაარჩევნო პერიოდში. სამწუხაროდ, ამ ტენდენციის გაძლიერებას, ნებსით თუ უნებლიედ, ერთგვარი ბიძგი მისცეს ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის ცალკეულმა წარმომადგენლებმა.

საქართველოს მოსამართლეები მიუღებლად მივიჩნევთ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდებოდა კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, მათ ზღვარდაუდებელ ლანძღვასა და ხალხის მტრებად წარმოჩინებას. ამას დაემატა თვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციის მცდელობა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო ბატონი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში 3 წლიანი საგამოცდო ვადით დანიშვნის შესახებ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ იქნა საძრახისი კამპანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, თავდაპირველად საბჭოზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, არ დანიშნულიყო ლევანი მურუსიძე, ხოლო შემდგომ საბჭოს წევრების გადადგომისა და ახალი კანონის მიღების მოთხოვნებით, რომლის საფუძველზეც, სურთ მოხდეს საბჭოს დაშლა და მისი ახალი შემადგენლობის შერჩევა. უფრო მეტიც: არასამთავრობო ორგანიზაციებმა ულტიმატუმიც კი წაუყენეს საბჭოს წევრებს და გადადგომისათვის კონკრეტული ვადა განუსაზღვრეს. განსაკუთრებით დასანანია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტიც, რომლის მოქმედებებიც უნდა შეფასდეს, როგორც ლევან მურუსიძის დანიშვნის საკითხზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შექმნისათვის გამიზნული ნაბიჯი და ამ გზით საბჭოზე ირიბი ზეგავლენის მცდელობა. ასევე სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად მივიჩნევთ მის მოწოდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისათვის, რომ მის წარმოებაში არსებულ საქმეზე მას "არ მიეღო ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება". აგრეთვე მიუღებელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომლითაც მან გადადგომისაკენ მოუწოდა საბჭოს წევრებს კონკრეტული მოსამართლის დანიშვნის საკითხზე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

საქართველოს მოსამართლეები ვაცხადებთ, რომ თუ დროულად არ აღიკვეთა მთელი ეს კამპანია და საბჭოს საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობები, რომელსაც თან ახლავს ჩვენდამი სიძულვილის თესვა, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება მართლმსაჯულების სისტემას, სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, იმ ადამიანებს, რომლებიც დროულ და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას ელიან. ამ ზიანის გამო მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება სწორედ ამ კამპანიის განმახორციელებელ ძალებს, რომლებიც, სიტყვით სასამართლოს დამოუკიდებლობის მომხრენი არიან, საქმით კი სასამართლოს ხელისუფლების გაძლიერებას, მის მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას უშლიან ხელს. სავარაუდოდ, ამ ქმედებებით პოლიტიკურ და პოპულისტურ მიზნებს უქვემდებარებენ ესოდენ მნიშვნელოვან ღირებულებებს.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია სრულ ნდობას უცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებებს იღებს დამოუკიდებლად, დაბალანსებულად და სასამართლოს მიმდინარე საჭიროებების გათვალისწინებით. ვერც საბჭოს წევრების თუ კონკრეტულ მოსამართლეთა დისკრედიტაციით, ვერც მათ საქმიანობაში ჩარევითა და მათზე თუნდაც კეთილშობილი მიზნებით ზეგავლენის მცდელობებით ვერ იქნება მიღწეული ვერც სასამართლოს დამოუკიდებლობა და ვერც მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ყოველ დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხის ნდობით აღჭურვილი სასამართლოს შესაქმნელად. საბჭოს დაშლის მოთხოვნა წარმოადგენს მოსამართლეთა კონფერენციის არჩევანის სრულ უგულებელყოფას, სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობისათვის ძირის გამოთხრას და უკუმიმართულებით სვლას.

საქართველოს მოსამართლეთა კორპუსი საჯაროდ აცხადებს, რომ მხარს უჭერს ნებისმიერი პროგრესული სიახლის დანერგვას მართლმსაჯულების სფეროში, მაგრამ პრინციპულად წინ აღუდგება სასამართლოს აბუჩად აგდებას, მის დასუსტებასა და საზოგადოებასთან მისი ხელოვნური დაპირისპირების მცდელობას.

სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოში ჯერ კიდევ მყიფეა. მას მოფრთხილება და ხელშეწყობა ესაჭიროება ხელისუფლებისა და მთელი საზოგადოების მხრიდან, არა თუ გამუდმებული რყევა. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ყველას მოუწოდებს, შეწყვიტოს სასამართლოს საქმეებში ჩარევა, მისი დისკრედიტაცია და სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხელყოფა", - ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42