იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში სხვა პირების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში სურდა პროკურატურას ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის დნმ-ის ნიმუშების აღება.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.
თუმცა როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არსებობს.
„იმ საქმის პარალელურად, რომელიც სასამართლოშია და რომელზეც სოსანაშვილი მსჯავრდებულად გამოცხადდა, გამოყოფილია საქმე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით. როგორც გამოძიებას, ასევე დაზარალებულების ოჯახს და ადვოკატებს გვაქვს ეჭვი, რომ მხოლოდ სოსანაშვილის ბრალეულობით არ არის სრულად გამოძიებული იური ვაზაგაშვილის მკვლელობა. ამიტომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პირობებში გამოძიებამ ჩათვალა საჭიროდ, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინა, მათ შორის არის დნმ-ის ნიმუშის აღება. საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რომ დადგინდეს სხვა პირების შესაძლო მონაწილეობა მკვლელობაში. თუმცა რადგან პროკურატურამ ფირცხალავას და ცააძეს ნიმუშის აღება მოსთოვა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანების მიმართ გამოძიებას სრული ინფორმაცია აქვს, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი დევნის საფუძველი იქნებოდა. ეს არის ჩვეუებრივი საგამოძიებო მოქმედება. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ სოსანაშვილის ბრალეულობით არ არის დასრულებული მკვლელობის გამოძიება. ეს არის ორგანიზებული დანაშაული. სოსანაშვილი არის ერთ-ერთი შემსრულებელი“, - ამბობს მოსიაშვილი.
ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულელ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძესთან რამდენიმე დღის წინ პროკურატურის წარმომადგენლები იყვნენე შესული.მათ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დნმ-ის ნიმუშის აღება სურდათ, რაზეც ცააძემ და ფირცხალავამ უარი განაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






